ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-10-06

კონფერენცია "ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში და ქალთა უფლებების პოლიტიკა"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევების ინსტიტუტი და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი აცხადებს ერთობლივ მე-8 ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას გენდერის კვლევაში: ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში და ქალთა უფლებების პოლიტიკა.

კონფერენცია გაიმართება გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან (ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე) 10 დეკემბრის (ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე) ჩათვლით აღინიშნება. კონფერენცია საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მკლევრებს წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები, როგორც ქალთა პოლიტიკური ჩართულობისა და აქტივიზმის შესახებ, ისე ქალთა უფლებების პოლიტიკის საკითხებზე, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ, სხვადასხვა ეპოქასა და კონტექსტში. ქალთა ჩრთულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში წარმოადგენდა პირველი ტალღის ფემინისტთა ბრძოლის უმთავრეს მოთხოვნას XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, იმისათვის, რომ ქალებს ეცხოვრათ იმ კანონებით და ისეთ საზოგადოებებში, რომლის შექმნასა და მართვაშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებდნენ. ეს ბრძოლა დაგვირგვინდა პოლიტიკური უფლებების მიღებით, მაგრამ უმეტეს საზოგადოებებში შედეგად არ მოიტანა ძალაუფლების იმგვარი გადანაწილება სქესებს შორის, რომელიც უფრო თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოების საფუძველი გახდებოდა, შესაბამისად ქალთა უფლებების პოლიტიკა ისევ მართულია პატრიარქალური ინტერესების გამტარი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემებით და კულტურული წარმოდგენებით, რომლებიცამყარებს/ინარჩუნებს ძალაუფლების უთნასწორო გადანაწილებას გენდერული ნიშნით.

კონფერენციის თარიღი: 7 დეკემბერი, 2016
კონფერენციის ადგილი: თსუ I კორპუსი
კონფერენციის ენა:  ქართული და ინგლისური (სინქრონული თარგმანით)

კონფერენციაზე მიღებული იქნება ნაშრომები შემდეგ თემებზე:

1.  ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში:
•    ბარიერები და ხელშემწყობი ფაქტორები პოლიტიკაში ქალთა ჩართულობისთვის
•    ბრძოლა ქალთა პოლიტიკური უფლებებისთვის (უწინ/დღეს)
•    პოლიტიკური ცხოვრების გენდერული ასპექტები
•    ქალთა ჩართულობა სოციალურ მოძრაობებში
•    ქალთა პოლიტიკური აქტივიზმი
•    ქალთა წინააღმდეგობა და აგენტობა

2.   ქალთა უფლებების პოლიტიკა:
•    ქალთა უფლებები დე იურე და დე ფაქტო
•    ქალთა შრომითი უფლებები და ეკონომიკური მდგომარეობა
•    ძველი და ახალი დებატი პროსტიტუციასთან დაკავშირებით
•    რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები

სხვა ნებისმიერ მსგავს თემაზე არსებული ნაშრომიც შესაძლოა წარდგენილ იქნას კონფერენციაზე. აბსტრაქტის მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის, 15 ნოემბერი. განაცხადი უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: genderinstitute@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე