ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (9 ნოემბერს 13:00 საათზე) გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრა ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებთან.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები მიზნობრივ აუდიტორიას განუმარტავენ საგრანტო კონკურსის პირობებსა და წესს.
კონკურსის მიზანია: ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით კვლევების ხარისხის ზრდის ხელშეწყობა, კვლევითი უნარ-ჩვევებისა და თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერება და გაუმჯობესება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე ბოლო 7 წლის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილე პროექტის ხანგრძლივობაა ორი წელი, ფონდიდან მოთხოვნილი ჯამური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს (წელიწადში 30 000 ლარს).
კონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ფონდის
ვებგვერდზე
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია