ქართულ-პოლონური ურთიერთობები, როგორც ცნობილია, მრავალსაუკუნოვანია და მრავალმხრივი. მათ შეისწავლიდა მეცნიერთა რამოდენიმე თაობა, როგორც პოლონეთში, ასევე, საქართველოში, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებს.
15 ივნისს თსუ-ში (I კორპ., 206-ე აუდიტ., გახსნა 10.00 სთ.) ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "პოლონური კავკასია". ისტორია და პერსპექტივები", რომელიც გაიმართება პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის ფარგლებში, მსოფლიო თანამეგობრობა "პოლონია"-ს და საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით და ეძღვნება კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ „პოლონია“-ს დაარსებიდან 20 წლისთავს.
კავშირი „პოლონია“-ს პირველი კრება ჩატარდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1995 წელს. რადგან კავშირის დამაარსებელი და თავმჯდომარე არის თსუ-ს პროფესორი, პოლონისტიკის ცენტრის ხელმძღვანელი, მარიამ ფილინა, ძირითად სამეცნიერო ღონისძიებებს, კვლევებს და გამოცემებს კავშირი ახორციელებდა თსუ-ს სამეცნიერო ბაზაზე.
თსუ-ში 1998 წლიდან ტრადიციულად ტარდებოდა ქართულ-პოლონურ ურთიერთობებთან და დიდ პოლონელებთან დაკავშირებული სამეცნიერო სესიები, მათ შორის, 5 საერთაშორისო:
ა.მიცკევიჩისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია (1998), ფ. შოპენს და ი. სლოვაცკის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია (კონსერვატორიასთან და მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად) (1999). კავშირ „პოლონიის“ 5 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „პოლონელების 200 წელი კავკასიაში: ისტორია და პერსპექტივები“ (ვარშავის უნივერსიტეტთან ერთად, სამეცნიერო ნამუშევრების კრებული გამოქვეყნდა თბილისში და ვარშავაში, 2000), კ.ი.გალჩინსკის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია (2004), ა.მიცკევიჩის გარდაცვლების 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია (2005), ჰენრიკ სენკევიჩის ხსოვისადმი მიძღვნილი კონფერენცია (2006), საერთაშორისო კონფერენცია „რომანტიზმი და თანამედროვეობა“ პოლონურ-ქართული ურთიერთობათა სათავები და პერსპექტივები“ მიძღვნილი კავშირ პოლონიას 15 წლისთავისადმი (2010). ამ წლების განმავლობაში გამოცემული იქნა სამეცნიერო ნაშრომთა რამდენიმე ტომი, ქართულ-პოლონური ურთიერთობების შესახებ, მონოგრაფიები კავკასიაში და საქართველოში პოლონელთა ცხოვრების შესახებ, 4 პოლონელი კლასიკოსის, ადამ მიცკევიჩის, იულიუშ სლოვაცკის, კონსტანტი გალჩინსკის და ნობელის პრემიის ლაურეატის, ვისლავა შიმბორსკას თარგმანები ქართულ ენაზე.
ამ სამეცნიერო მიღწევებმა მაღალი შეფასება მიიღო როგორც საქართველოში, ასევე პოლონეთში. კავშირი და მისი თავმჯდომარე დაჯილდოვებულნი არიან საქართველოს და პოლონეთის სახელმწიფოს უმაღლესი ორდენებით და ჯილდოებით.
ყველა ზემოხსენებული კონფერენცია და საიუბილეო ღონისძიებები ჩატარებული იქნა პოლონეთის რესპუბლიკის სენატის პატრონაჟით. დღეს ჩვენ კონფერენციაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა ცნობილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეების დელეგაცია. მივესალმებით მსოფლიო პოლონიის ("ვპულნოტა პოლსკას") პრეზიდენტს, პოლონეთის ყოფილ ვიცე-პრემიერს, ლონგინ კომოლოვსკის, მეუღლით. ბატონი ლონგინ კომოლოვსკი ხელმძღვანელობს პოლონელების ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს კი 15 მილიონზე მეტია თითქმის 100 ქვეყანაში. სტუმრებს შორის ასევე არის მსოფლიო პოლონიის დირექტორი, ბატონი მარეკ რუჟიცკი. კონფერენციის საპატივსაცემო სტუმრებს შორის არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იაცეკ კისელევსკი. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ კონფერენციის გახსნაში მონაწილეობს პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი ანჯეი ჩეშკოვსკი. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები პოლონეთის წამყვანი სამეცნიერო ცენტრებიდან – ვარშავის, პოზნანის, ლუბლინის და ოლშტინის უნივერსიტეტებიდან.
ცხადია, კონფერენციაში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი სხვადასხვა დარგის მეცნიერები, უნივერსიტეტებიდან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიიდან, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან.
წარმოდგენილი იქნება ნაშრომთა ფართო სპექტრი. იმუშავებს სამი სექცია:
- ისტორია და პოლიტოლოგია;
- ლიტერატურათმცოდნეობა და ვერბალური კომუნიკაცია;
- ხელოვნება და კულტუროლოგია.
წარმოდგენილი 40 მოხსენება ცხადყოფს ქართულ-პოლონური ურთიერთობების მრავალფეროვნებას და მნიშვნელობას, ასევე, აღნიშნული პრობლემატიკის მიმართ სხვადასხვა დარგის მეცნიერთა დიდ ინტერესს.
კავშირი "პოლონია"-ს ინიციატივით, ჩატარებული იქნა მრავალი ღონისძიება, რომლებმაც, როგორც საქართველოში, ასევე, პოლონეთში მიიღო უმაღლესი შეფასება, ქართულ-პოლონური კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების სფეროში. კავშირმა ამ წლების განმავლობაში თსუ-სთან ერთად ჩაატარა 8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომლებიც მიძღვნილი იყო ქართულ-პოლონური მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობებისა და გამოჩენილი პოლონელი მოღვაწეებისადმი. გამოცემული იქნა პოლონელი კლასიკოსების ორენოვანი პოეზიის კრებულების სერია, ორიგინალში და ჩვენ მიერ ქართულად ნათარგმნი, ქართველი ბავშვების მიერ თარგმნილი პოლონური საბავშვო ლიტერატურის ანთოლოგია. ჩატარებული იქნა ათეულობით პოლონური და ქართული მუსიკის კონცერტი, მოწყობილი იქნა საქართველოში მცხოვრები პოლონელი მხატვრების გამოფენები, ფოტოგამოფენები, კინოფესტივალები, კონკურსები და სხვა ღონისძიებები. მთელი ამ წლების განმავლობაში კავშირმა თავის ირგვლივ მოახერხა საქართველოს გამოჩენილ მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა წრის გაერთიანება. მათ ახალ ისტორიულ ეტაპზე წარმატებით ავითარებენ ქართულ-პოლონურ ურთიერთობებს.
კონფერენციის პროგრამა