ფილიპ ჯესაფის სახელობის საერთაშორისო საჯარო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს სიმულაციას წარმოადგენს. შეჯიბრი მსოფლიოს მასშტაბით 50 წელზე მეტია, ტარდება და მასში 500–ზე მეტი უნივერსიტეტის გუნდი მონაწილეობს 120 ქვეყნიდან.
2012 წლის შეჯიბრის ეროვნული რაუნდი 11-12 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა. ფინალში ერთმანეთს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის გუნდები შეხვდენენ.
ფინალამდე კონკურსს თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი გამოეთიშა.
იმიტირებული პროცესის მოსამართლეებმა არგუმენტების, დასკვნებისა და მსჯელობის საფუძველზე გამარჯვებულად თსუ-ს გუნდი გამოავლინეს.
შეჯიბრის საუკეთესო მომხსენებლად თსუ-ს გუნდის წევრი ანა რეხვიაშვილი დასახელდა.
2012 წლის მარტის ბოლოს საერთაშორისო რაუნდი ვაშინგტონში გაიმართება, სადაც ეროვნულ რაუნდში გამარჯვებული თსუ-ს სტუდენტთა გუნდი საქართველოს სახელით წარდგება.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტის გუნდი შედგება იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისგან:
ანა რეხვიაშვილი–საერთაშორისო სამართლის მე–5 სემესტრის სტუდენტი;
ნინო გოცირელი–სამართალმცოდნეობის მე–5 სემესტრის სტუდენტი;
ელენე მებონია–სამართალმცოდნეობის მე–5 სემესტრის სტუდენტი;
ქეთევან შუშანაშვილი–სამართალმცოდნეობის მე–5 სემესტრის სტუდენტი;
გია მეტრეველი–საერთაშორისო სამართლის მე–5 სემესტრის სტუდენტი.
თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ საერთაშორისო საჯარო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესებისთვის სტუდენტების მოსამზადებლად სპეციალური კურსი 2010 წელს იქნა შემოღებული.