ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-01-15

საერთაშორისო კონფერენცია „ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორკშოპი - 2020“

27-31 იანვარს, 13:30 საათზ ე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორკშოპი - 2020“.  კონფერენციას  უმასპინძლებს  თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი.
საერთაშორისო კონფერენცია „ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორკშოპი“ ყოველწლურად ტარდება 2012 წლიდან. ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების საერთაშორისო კონფერენციების (ვორკშოპების) მმართველმა და ორგანიზატორმა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თბილისმა უმასპინძლოს კონფერენციას 2020 წლის იანვარში, სადაც განხილული იქნება ყველა დღეისათვის აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები, რომლებიც  შეესაბამება სატესტო დასხივებების დანადგარებსა და მათ ინფრასტრუქტურას, სატესტო დასხივებების ექსპერიმენტებსა და ნაკადის ტელესკოპებს. ეს საშუალებას მისცემს საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერებს ჩაერთონ  მთელი მსოფლიოს ამაჩქარებლების ცენტრებში მიმდინარე კვლევების ცოცხალ პროცესში.
საერთაშორისო კონფერენცია „ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორკშოპი-2020“ ერთად შეკრებს ამერიკის, ევროპის  და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში (საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ესპანეთი, ნიდერლანდები, შვეიცარია, საბერძნეთი, ჩეხეთი, ჩინეთი,  სამხრეთ კორეა და სხვა) მომუშავე 70-ზე მეტ ფიზიკოსს და მოიცავს კვლევების ფართო სპექტრს, რომელიც დაკავშირებულია ტრეკული დეტექტორების შესწავლის მიზნით ჩატარებულ სატესტო დასხივებებთან, კალორიმეტრიასთან და მის ფარგლებს გარეთ არსებულ გამოკვლევებთან.  კონფერენციიის ხანგრძლივობაა 5 სამუშაო დღე, 27 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება გამოცდილი მეცნიერების მოხსენებები, რომლებშიც ასახული იქნება მსოფლიოში ცნობილი ამაჩქარებლების ცენტრების სატესტო დასხივებების დაწესებულებების სტატუსი, სატესტო დასხივებების ექსპერიმენტებში მიღებული შედეგები და ასევე ჩატარებული იქნება ტრენინგები მიღებულ მონაცემთა ანალიზისთვის საჭირო პროგრამული პაკეტების (უზრუნველყოფის) შესასწავლად. სატესტო დასხივების ექსპერიმენტები ძალიან კარგი საგანმანათლებლო პროგრამაა სტუდენტებისათვის, სადაც მათ შეუძლიათ იმუშაონ უშუალოდ დეტექტორის შემადგენელი ნაწილების დიზაინზე, კონსტრუირებაზე, გამართვაზე, მონაცემების დამუშავებაზე, ანალიზსა და შედეგების გამოქვეყნებაზე. 
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ღვაწლმოსილი მეცნიერები. კერძოდ, ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების სპეციალისტი ექსპერტები და წინა პერიოდში (2012-2019 წწ) ჩატარებული კონფერენციების ორგანიზატორები: ჰენდრიკ იანსენი (DESY, ჰამბურგი, გერმანია),  მარისოლ რობლესი (მაინცის უნივერსიტეტი, გერმანია), სიმონ სპანაგელი (ცერნი, ჟენევა, შვეიცარია), ჰენრიკ ვილკინსი (ცერნი, ჟენევა, შვეიცარია).
კონფერენცია ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ფიზიკოსების მოზიდვას მაღალი ენერგიების ფიზიკაში. ეს უკანასკნელი არის ფუნდამენტური ფიზიკის მიმართულება, რომელიც განსაკუთრებულ სტიმულს აძლევს ქვეყნის ინტელექტუალურ განვითარებას. ამ კონფერენციის მასპინძლობა დაგვეხმარება ამერიკის, ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერებთან (მათ შორის CERN-ის და DESY-ის მეცნიერებთან)  ურთიერთობის განმტკიცებაში, რომელიც ქმნის მიმდინარე და მომავალ ფიზიკოსთა ჩართულობის ახალ შესაძლებლობებს და არა მხოლოდ ფიზიკოსების (ინჟინრები, IT სპეციალისტები, მათემატიკოსები, ბიოლოგები, ქიმიკოსები).

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, 317-ე აუდიტორია.  
Print

« იხ. ყველა სიახლე