2012-07-16

ეროვნული კონკურსი მედიაციაში სტუდენტებისათვის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი აცხადებს სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას მედიაციის ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
 
ეროვნული კონკურსი ტარდება სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით. კონკურსის მიზანია მედიაციის ინსტიტუტის შესახებ სტუდენტების ინფორმირება, ქვეყანაში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებების პოპულარიზაცია. 

კონკურსი გაიმართება 8-9 სექტემბერს სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის პროფესორების ხელმძღვანელობით. კონკურსში მონაწილე გუნდების მომზადების მიზნით 5-7 სექტემბერს ჩატარდება საზაფხულო სკოლა მედიაციაში, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები დაეუფლებიან მედიაციის პროცესის წარმართვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

საქართველოს თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ეროვნულ კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოადგინოს ერთი გუნდი 2 ან 4 სტუდენტისა და მწვრთნელის/მწვრთნელების შემადგენლობით.

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის კონკურსის პროგრამის, წესებისა და ფორმატის გაცნობის მიზნით მიმდინარე წლის 22 ივლისს, 12:00-15:00 საათზე  თსუ-ის პირველ კორპუსში (ოთახი №04) გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე - მწვრთნელის მიერ გუნდის მომზადების ტექნიკა.

ეროვნულ კონკურსზე რეგისტრაციისთვის გამოგვიგზავნეთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: apply.ncadr@tsu.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 28 24 36 არაუგვიანეს 31 ივლისისა.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ელ-ფოსტის მეშვეობით: apply.ncadr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე