2015-11-20

ცხადდება რეგისტრაცია ზამთრის სკოლაში დიგიტალური ქართველოლოგია – თემატური კორპუსები და ანოტირების საკითხები ქართველურ ენებში" მონაწილეობის მისაღებად

20-27 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა (საქართველო) და მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის (გერმანია) ორგანიზებით ჩატარდება ზამთრის სკოლა თემაზე: „ დიგიტალური ქართველოლოგია – თემატური კორპუსები და ანოტირების საკითხები ქართველურ ენებში". აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

ზამთრის სკოლა საშუალებას მისცემს თსუ-სა და საქართველოს სხვა  უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს გაეცნონ ქართველოლოგიაში დიგიტალური კვლევების განსახორციელებლად აუცილებელ მეთოდურ და ტექნოლოგიურ საშუალებებს და აქტიურად ჩაერთონ თემატური კორპუსების შექმნაში.

ზამთრის სკოლა, ასევე, მიზნად ისახავს ქართველოლოგიაში თანამედროვე ტექნოლოგიური ელექტრონული სასწავლო გარემოს შესაქმნელად ონლაინ სწავლების ინოვაციური სისტემის OLAT-ის (OLAT – Online Learning And Training) შესაძლებლობების გაცნობას და სწავლების ახალი ფორმატის eLecture-ს (ელექტრონული ლექციები) დანერგვას.

ზამთრის სკოლის პროგრამის ფარგლებში სალექციო კურსებს წაიკითხავენ პროფესორები მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტიდან (გერმანია): პროფ. იოსტ გიპერტი, პროფ. მანანა თანდაშვილი; საარბრუკენის უნივერსიტეტის სრული პროფესორი ელკე ტაიხი (გერმანია); ციურიხის უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნოა ბუბენჰოფერი (შვეიცარია);  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (საქართველო):  ასოც. პროფ. მაია ლომია, ასოც. პროფ. ნინო შარაშენიძე, ასოც. პროფ. ქეთევან მარგიანი, ფილოლოგიის დოქტორი მარინე ბერიძე (თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი) და ასოც. პროფ. რუსუდან გერსამია (საქართველოს უნივერსიტეტი).

ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს უნივერსიტეტების ჰუმანიტარული ფაკულტეტების სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ბაკლავრიატის პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ ოთხი სემესტრის პროგრამა, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს და ასევე ახალგაზრდა მეცნიერებს, დოქტორებს, რომელთაც დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭათ კონკურსის გამოცხადების თარიღამდე ბოლო შვიდი წლის პერიოდში.

ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შემდეგ საორგანიზაციო ჯგუფის მიერ  ზამთრის სკოლისათვის შეირჩევა 40 სტუდენტი (მათგან 20 თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი და 20 საქართველოს სხვა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლებიდან). რეგიონის უსდ-დან შერჩეული სტუდენტებს  ზამთრის სკოლაში დაუფინანსდებათ თბილისში ცხოვრებისა და კვების ხარჯები, თბილისის უსდ-ს სტუდენტებს  კი  – კვების ხარჯები).

რეგისტრაციის ვადები: 2015 წლის 2-27 ნოემბერი.

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ბმულზე:
http://digitalhumanities.tsu.ge/ge/avt/

ზამთრის სკოლის საორგანიზაციო ჯგუფი
საკონტაქტო პირი:
ეკა კვირკველია (ტელ.: 593660770, ელფოსტა: eka.kvirkvelia@tsu.ge)

Print

« იხ. ყველა სიახლე