2018-09-21

საერთაშორისო კონფერენცია - მედეა: ქალურობა, დედობა, სიყვარული და მრისხანება"

19-20 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია - მედეა: ქალურობა, დედობა, სიყვარული და მრისხანება" გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაცია IPA და სფა კომიტეტი - ქალები და ფსიქოანალიზი COWAP.
 
კონფერენციის მიზანია, წარმოაჩინოს თანამედროვე ქალის ფსიქიკის ყველაზე სიღრმისეული ფენები ოჯახთან, შვილებთან, სიყვარულთან, სამშობლოსთან და მოვალეობებთან მისი დამოკიდებულების შესწავლის მიზნით. კონფერენციაზე ეს საკითხი განიხილება უძველესი სამყაროს კულტურული ფენომენის, ოქროს საწმისის მითის პერსონაჟის, მედეას სახის არაცნობიერი განზომილებების კვლევების საფუძველზე.

მსგავსი მასშტაბის პროექტი, რომელიც არაცნობიერის შესწავლას ეძღვნება, საქართველოში არ ჩატარებულა 1979 წლის შემდეგ. კონფერენციაზე ევროპელი და ისრაელის 15 ფსიქოანალიტიკოსი წარმოდგენს 15 მოხსენებას, პროგრამაშია ქართული ფილმის ჩვენება და განხილვა, პერფორმანსი "ცოცხალი ხელოვნება". კონფერენციაზე დასასწრებად ამჟამად დარეგისტრირებულია 17 ქვეყნის 100 მონაწილე - ფსიქოანალიტიკოსები, ფსიქოთერაპევტები და სტუდენტები  - საქართველოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ჩეხეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან, რუსეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, ხორვატიიდან, ნიდერლანდებიდან, ფინეთიდან, ისრაელიდან.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
Print

« იხ. ყველა სიახლე