2016-11-28

გამოყენებითი ბიომეცნიერებისა და ბიოტექნოლოგიის პროგრამების ინდუსტიულ პარტნიორებთან წლიური საანგარიშო შეხვედრა

1 დეკემბერს, 13.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება შეხვედრა გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის დარგში მოღვაწე ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. 2014 წლის 22 ოქტომბერს ხელი მოეწერა ურთიერთანამშორმლობის მემორანდუმს თსუ-სა და ბიომეცნიერებების დარგის განვითარებით დაინტერესებულ პარნტიორ ორგანიზაციებს შორის. აღნიშნულ თანამშრომლობას საფუძველი 2007-2013 წლებში ევროკავშირის „ტემპუსის“ პროგრამით განხორციელებული პროექტების ფარგლებში ჩაეყარა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები წარდგებიან საანგარიშო მოხსენებით 2015-2016 წელს მიღწეული შედეგების შესახებ. გაიმართება წლის საუკეთესო პარტნიორის დაჯილდოება სამადლობელი სიგელით 2015-16 წელს თსუ-ს სასწავლო პროცესში შეტანილი წვლილისთვის და მოხდება მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობის წარდგინება.

ინდუსტრიასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციები ხელს უწყობენ თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებების დარგში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ახალი სასწავლო კურსების, მოდულების შემუშავებას და არსებულის განახლებას; სამცენიერო-კვლევითი პოტენციალის გაძლიერებას; საწარმოო პრაქტიკის მხარდაჭერით სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას ამ დარგში; დასაქმების ბაზარზე სტუდენტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას, მათი პროფესიული კომპეტენციებისა და ცოდნის გაღრმავებას.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და მემორანდუმის ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

ღონისძიების მიზანია საქართველოში ბიომეცნიერებისა და ბიოტექნოლოგიების დარგის განვითარების ხელშეწყობა, უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და თანამედროვე, ინოვაციური სასწავლო პროგრამების განხორციელება დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიზნით, მათ შორის კვების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და აგრობიოტექნოლოგიების მიმართულებით.

იხ. პროგრამა

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. N1. თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე
Print

« იხ. ყველა სიახლე