ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-10-08

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლუნდის უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლუნდის უნივერსიტეტში (შვედეთი).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებიდან: ნევროლოგია/ნეირომეცნიერება.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი, ონლაინ სააპლიკაციო პროცედურა)

დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - mobility.tsu.ge ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ა/წ 18 ოქტომბრის 15:00 საათამდე!

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება სტუდენტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებულ რეკომენდატორის ელ-ფოსტაზე)
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (TOEFL, IELTS, 2017/2018 სასწავლო წელს ან 2018 წლის 9 ოქტომბერს თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა)
საკვლევი გეგმის მოკლე მონახაზი (ინგლისურ ენაზე)
დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან
მაგისტრის დიპლომი
მაგისტრის დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით)

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:
ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 530 ევრო).

დამატებითი ინფორმაცია:

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

Print

« იხ. ყველა სიახლე