2014-02-14

ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია იენის უნივერსიტეტის პროფესორს ჰაინც ფენრიხს მიენიჭა

ქართველოლოგიაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის  ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია 2014 წელს, ცნობილ ქართველოლოგს და ენათმეცნიერს, იენის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორს, ჰაინც ფენრიხს მიენიჭა. გადაწყვეტილება  13 თებერვალს საუნივერსიტეტო საპრემიო კომისიის წევრებმა მიიღეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის  მოსაპოვებლად კონკურსი 2013 წლის 26 დეკემბერს გამოცხადდა. პრემიის მოსაპოვებლად 2 კანდიდატი იყო წარდგენილი.

საერთაშორისო სამეცნიერო პრემიით დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მიმდინარე წლის აპრილში გაიმართება. მეცნიერს გადაეცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის დიპლომი და თანხა 20 000 ლარის ოდენობით.

გერმანელი ენათმეცნიერო, პროფესორი ჰაინც ფენრიხი ცნობილი ქართველოლოგი და კავკასიოლოგია. მან 1971 წელს თსუ-ში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, არჩეულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად. პროფესორი ფენრიხი არის  ჟურნალ „გეორგიკას“ დამაარსებელი და რედაქტორი.

ჰაინც ფეინრიხი მრავალი წლის განმავლობაში იენის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა კავკასიოლოგიის, კერძოდ, ქართველოლოგიის მიმართულებას. იგი დღემდე მრავალმხრივ მოღვაწეობას ეწევა გერმანიაში ქართული ენისა და კულტურის პროპაგანდისათვის. მისი წიგნები მოიცავს ქართული კულტურის თითქმის ყველა სფეროს. პროფესორმა ფეინრიხმა გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა ქართული ლიტერატურის ისტორიის, საქართველოს ისტორიის, ქართული მითოლოგიის, საქართველოს ისტორიული და კულტურული ძეგლებისადმი მიძღვნილი რამდენიმე ათეული მონოგრაფია.

განსაკუთრებით ნაყოფიერია მისი მუშაობა ქართველური და კავკასიური ენების შესწავლის საქმეში. მისი კვლევის სფერო მოიცავს ძველი და ახალი ქართული ენის გრამატიკა. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი ფუნდამენტური ნაშრომები: “ქართული ენა“, ძველქართულ-გერმანული ლექსიკონი (პროფ. ზურაბ სარჯველაძის თანაავტორობით), ენათმეცნიერულ ტერმინთა ქართულ-გერმანული ლექსიკონი (პროფ. ზურაბ სარჯველაძესთან ერთად), ქართველური ენების ეტიმოლოგიური ლექსიკონი (პროფ. ზურაბ სარჯველაძის თანაავტორობით).  ასევე მრავალი ქართული ლიტერატურული ძეგლის გერმანული თარგმანი და კომენტირებული გამოცემა და მრავალი სხვა.

პრემია ქართველოლოგიაში განსაკუთრებული ღვაწილისთვის 2 წელიწადში ერთხელ გაიცემა.


Print

« იხ. ყველა სიახლე