2018-08-15

მე-8 ქართულ-გერმანული სკოლა და სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018 წლის 20-24 აგვისტოს იულიხის კვლევითი ცენტრისა და პარტნიორი უნივერსიტეტების (თსუ, აგრიუნი, ილიაუნი, და სტუ)  ერთობლივი, მე-8 ქართულ-გერმანული სკოლა და სემინარი გაიხსნება ფუნდამენტურ მეცნიერებებში. ღონისძიება თსუ 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება და მისი თემატიკა იქნება "მეცნიერება საქართველოში არსებულ მულტიდისციპლინურ SMART |ლაბებში".

ბოლო ორი ათწლეულია იულიხის კვლევითი ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ოთხ ქართულ  უნივერსიტეტთან. ურთიერთობა 1992 წლიდან დაიწყო როდესაც თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტსა და იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. 2004 წლიდან ურთიერთობა გაგრძელდა „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ (GGSB) კონცეფციის ფარგლებში, რომლის სამი ძირითადი ქვაკუთხედია -  ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევები, განათლება და სტუდენტები, ცოდნის ტრანსფერი. თანამშრომლობის ფარგლებში ორ წელიწადში ერთხელ ტარდება სკოლა და სემინარი, რომელსაც 2010 წლიდან საქართველოს სხვა უნივერსიტეტებიც შემოუერთდა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოგვიანებით საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი.

2014 წელს გაიმართა საიუბილეო ღონისძიება “ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი 10 წლისაა”, სადაც შეაჯამეს ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის მიღწევები. 2016 წლის კონფერენციაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს გრძელვადიან სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის ხელშეწყობას.

ახალი პროგრამა ასევე მოიცავს საქართველოს უნივერსიტეტებში ე.წ. SMART|ლაბორატორიების  გახსნას. აბრევიატურა SMART წარმოდგება ინგლისური შემოკლებებისგან: მეცნიერება (Science), მედიცინა (Medicine),  გამოყენებითი კვლევები (Applyed Research) და ტექნოლოგიები (Technology). პირველმა ასეთმა ლაბორატორიამ, SMART | EDM_Lab,  ფუნქციონირება დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წლის იანვარში. ლაბორატორია არის იულიხში არსებული ლაბორატორიის ანალოგი, რომელიც JEDI (Juelich Electric Dipole moment Investigations) საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ელემენტარული ნაწილაკების ელექტრული დიპოლური მომენტის ექსპერიმენტულ კვლევებშია ჩართული.  2017 წლის 29  სექტემბერს თსუ-ში გაიხსნა მეორე ასეთი ლაბორატორია, SMART|AtmoSim_Lab. ლაბორატორიაში განხორციელდება ატმოსფერული კვლევები, რომელშიც შედის ატმოსფერული დამაბინძურებლების ქიმიური ანალიზი, მონაცემთა მათემატიკური ანალიზი და ჰაერის დაბინძურების მოდელირება.  სმარტლაბები ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს სამეცნიერო პროექტები განახორციელონ საქართველოში.

GGSB-ის ფარგლებში დაგეგმილია თემატური კონფერენცია - „მულტისდისციპლინარული SMART |ლაბები საქართველოში“, რომლის დროსაც ფოკუსი გაკეთდება სამ ძირითად კომპონენტზე : ა) სიმეტრიები სუბატომურ ფიზიკაში, რომელიც მიეძღვნება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხს: სამყაროში დამზერილ მატერიის დომინირების საკითხს ანტიმატერიაზე; ბ) ატმოსფერული კვლევები და მოდელირება, რომელიც დაკავშირებულია SMART|AtmoSim_Lab-თან და გ) ვიზუალიზაცია მედიცინის სფეროში და ბიომარკერები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ამაჩქარებლების, ნაწილაკთა ფიზიკის და ტექნოლოგიების   მსოფლიო დონის ექსპერტები, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო კოლაბორაციების (JEDI, Borexino, JUNO, PAX) წევრები არიან. შეჯამდება  ამ სფეროებში არსებული მიღწევები და მოხდება ორ ქვეყანას შორის მეცნიერების და ტექნოლოგიების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის  გზების დასახვა. გარდა ამისა, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ჩატარდება თემატური სალექციო კურსები საბუნებისმეტყველო და საიჟინრო მეცნიერებებში, მოეწყობა პოსტერების სესია. ღონისძიების ბოლო დღეს, 24 აგვისტოს, ჩატარდება სტუდენტური სესია, დღის ბოლოს კი შეირჩევა სხვადასხვა მიმართულების (ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, საინჟინრო ტექნოლოგიები …) საუკეთესო სტუდენტები ინტერნშიფის გასავლელად იულიხის კვლევით ცენტრში.

დეტალური ინფორმაცია ღონისძიების შესახებ იხილეთ ბმულზე: http://collaborations.fz-juelich.de/ikp/cgswhp/cgswhp18/

Print

« იხ. ყველა სიახლე