2011-02-11
სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად მაგისტრანტობის კანდიდატებმა საერთო სამაგისტრო გამოცდა უნდა ჩააბარონ.
საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატები სპეციალობის გამოცდას ან/და სხვა გამოცდებს (მაგ.: უცხოური ენის გამოცდას ან სხვ.) უშუალოდ უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ.
საერთო სამაგისტრო გამოცდის მიზანია:
* დაეხმაროს უმაღლეს სასწავლებლებს მაგისტრანტების შერჩევაში;
* გამორიცხოს მაგისტრატურაში ისეთი სტუდენტების მიღება, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მაგისტრატურაში სწავლისთვის აუცილებელ მოთხოვნებს;
* უზრუნველყოს მაგისტრატურაში ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობა და გამჭვირვალობა.
საერთო სამაგისტრო გამოცდასთან ერთად საქართველოში დაინერგა მაგისტრატურის დაფინანსების ახალი, სახელმწიფოსათვის პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსებაზე ორიენტირებული სისტემა.
კანდიდატის ჩარიცხვისას მნიშვნელობა ენიჭება როგორც საერთო სამაგისტრო გამოცდის, ისე სპეციალობის გამოცდის შეფასებას. სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგით გაიცემა.
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია დაიწყება 14 თებერვლიდან და გაგრძელდება 25 მარტის ჩათვლით. მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge) ინტერნეტით უნდა გაიარონ.
ინტერნეტით რეგისტრაცია
ინტერნეტით რეგისტრაციისათვის მაგისტრანტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი) და აგრეთვე მან უნდა გადაიხადოს საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასური (გადახდის ფორმები აღწერილია ქვემოთ).
1. ინტერნეტით რეგისტრაციას მაგისტრანტობის კანდიდატი გადის ვებგვერდზე www.naec.ge ან online.naec.ge;
2. მითითებულ მისამართზე შესვლის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატი სპეციალურ ველში უთითებს 11 ნიშნა პირად ნომერს, რის შემდეგაც, სისტემის მოთხოვნის შესაბამისად, ქმნის მომხმარებლის სახელსა და პაროლს (ამ ინფორმაციას იგი მიიღებს ელექტრონული ფოსტითაც, რომელსაც მიუთითებს შესაბამის ველში);
3. სისტემა, 11 ნიშნა ნომრის შეყვანის შემდეგ, თავად სვამს მაგისტრანტობის კანდიდატის სახელს, გვარს, მისამართს და სხვა ინფორმაციას შესაბამის ველებში (თუ ასეთი პირადი ნომრის მქონე პიროვნება არ მოიძებნა რეესტრის ბაზაში, სისტემა აცნობებს მაგისტრანტობის კანდიდატს ამის შესახებ);
4. სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გადახდის შესახებ (თუ გადახდა არ დადასტურდა მაგისტრანტობის კანდიდატი ამის შესახებ მაშინვე შეიტყობს);
5. მაგისტრანტობის კანდიდატი უთითებს, სად სურს საგამოცდო ბარათის მიღება (უმაღლეს სასწავლებელში თუ საგანმანათლებლო რესურსცენტრში);
6. აუცილებელი ველების შევსების შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატი მიიღებს შეტყობინებას, რომ მან წარმატებით გაიარა რეგისტრაცია (ამ შეტყობინებას მიიღებს ელ. ფოსტითაც);
7. მაგისტრანტობის კანდიდატს არ სჭირდება ფოტოსურათის გადაღება და ატვირთვა – პლასტიკური ბარათის დამზადებისას სისტემა სამოქალაქო რეესტრის ბაზაში არსებულ ფოტოს გამოიყენებს.
საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდა
საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის (50 ლარი) გადახდა (ნაღდი ანგარიშსწორებით ან გადარიცხვით) შესაძლებელია შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:
– სსიპ ,,გამოცდების ეროვნული ცენტრი~;
– ს/კ 202198727;
– სს ,,საქართველოს ბანკი~;
– ბანკის კოდი: 220101502;
– ანგარიში: GE96BG0000000877412000.
გადახდის შესაძლო საშუალებები და ტარიფები:
1. საქართველოს ბანკის ფილიალებში - საკომისიო 50 თეთრი;
2. ვებგვერდზე www.ipay.ge - საკომისიო 1 ლარი;
3. ,,აიფეის‘‘ აგენტების ქსელში (საჯარო რეესტრის სააგენტოებში) - საკომისიო 50 თეთრი.
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს მაგისტრანტობის კანდიდატის გვარი, სახელი, პირადი ნომერი, პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) სერია და ნომერი.
საერთო სამაგისტრო გამოცდა ივლისში, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას ჩატარდება.
საგამოცდო ცენტრს მაგისტრანტობის კანდიდატი ირჩევს რეგისტრაციისას.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა:
- ყველა უმაღლესი სასწავლებლების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად;
- საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებათ მაგისტრანტობის იმ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება საშემსრულებლო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამებზე.
პირებს, რომლებმაც 2009 ან 2010 წელს წარმატებით გაიარეს საერთო სამაგისტრო გამოცდა (გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მინიმუმ სამ ნაწილში) შეუძლიათ მიღებული ქულები 2011 წელს გამოიყენონ მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის მიღების მიზნით. მაგისტრატურის კანდიდატთა კოეფიციენტებით რანჟირება ხორციელდება ყოველწლიურად, შესაბამისი წლის კონკურსის გათვალისწინებით.
მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს განმეორებით გავიდეს საერთო სამაგისტრო გამოცდაზე. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ განმეორებით გამოცდაზე მიღებული შეფასებები იქნება გათვალისწინებული.
კანდიდატს, თუ ის ინახავს მიღებულ ქულებს, რეგისტრაციის განმეორებით გავლა არ მოეთხოვება. სპეციალობის გამოცდამდე უმაღლეს სასწავლებლებს გადაეცემათ იმ მაგისტრანტთა სია, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდა (მათ შორის, 2009 და 2010 წელს).
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების ჩამონათვალი და სხვა საჭირო ინფორმაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მოგვიანებით განთავსდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული დამხმარე კრებულის – ,,საერთო სამაგისტრო გამოცდა“ – გამოწერა შესაძლებელია ,,ელვასერვისის“ მეშვეობით www.elva.ge
« იხ. ყველა სიახლე