2012-12-27
ბრძანება №:17/01-03
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატის რევაზ ჯორბენაძის დეკანის თანამდებობაზე დამტკიცების უარის თქმის შესახებ
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატის რევაზ ჯორბენაძის დეკანის თანამდებობაზე დამტკიცების უარის თქმის შესახებ
,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევის წესი“ ადგენს საბჭოზე დამსწრე წევრთა რაოდენობის მოთხოვნას (საბჭოს წევრების საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი), ხოლო დეკანის თანამდებობაზე გამარჯვებულად განსაზღვრავს იმ კანდიდატს, რომელიც სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას დააგროვებს. ხსენებული წესი არ აკონკრეტებს დეკანობის კანდიდატისათვის არჩევნებში გასამარჯვებლად საჭირო ხმების რაოდენობებს. აღნიშნული საკითხი დაკონკრეტებულია ფაკულტეტის მოქმედი დებულების მე-7 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად ფაკულტეტის საბჭო - ,,თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს“, რაც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრთა ოდენობიდან გამომდინარე (35 წევრი), მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 18 ხმას.
აღნიშნული ფაკულტეტის დებულება დღეისათვის მოქმედია, თუმცა იგი მიღებულია იმ პერიოდში, როცა ფაკულტეტის საბჭო არჩევნების გზით ირჩევდა პირს დეკანად და არა კანდიდატად, ანუ უნივერსიტეტის წესდება ითვალისწინებდა ფაკულტეტის დეკანის არჩევის განსხვავებულ წესს, შესაბამისად აღნიშნული ჩანაწერის დღეისათვის მოქმედ დეკანის არჩევის პროცედურებზე მორგება საკამათოა, რაც ყველა შემთხვევაში გამოიწვევს დაინტერესებულ მხარეებში არასამართლიანობის განცდას, ასევე მათ მიერ პროცედურის გასაჩივრებას, რამაც თავისთავად შესაძლებელია შემდგომში გავლენა მოახდინოს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებული სამართლებრივი ბაზა არ იძლევა საკითხის ცალსახა განმარტების შესაძლებლობას. საკითხის მნიშვნელობიდან, ამასთან, სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნევ, პრიორიტეტად არსებული სამართლებრივი ბაზის მოწესრიგების განსაზღვრას და ყოველი შემდგომი პროცედურების მის მიხედვით წარმოებას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს არჩევნები ჩავატაროთ ყოველგვარი სამართლებრივი პრობლემების გამორიცხვით.
ამდენად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" და "ი" ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის, ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2012 წლის 21 დეკემბრის სხდომის თავმჯდომარის ბატონი რევაზ გაჩეჩილაძის 2012 წლის 21 დეკემბრის №33409/02 წერილის, ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვასილ ბარამიძის 2012 წლის 27 დეკემბრის №34036/02 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,
ვბრძანებ:
- მიღებული იქნეს გადაწყვეტილება, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2012 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №8) მიღებული შედეგების გათვალისწინებით ფაკულტეტის საბჭოს მიერ წარმოდგენილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატის რევაზ ჯორბენაძის დეკანის თანამდებობაზე დამტკიცების უარის თქმის შესახებ.
- დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
- დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
- ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი