2018-01-22
ბრძანება №:17/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების, სსიპ -  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 29 დეკემბრის "2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ" #837 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები: 
ა)პროცედურული ვადები: 
ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 6 – 8 თებერვალი; 
ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება – 9 - 12 თებერვალი;
ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება –13 თებერვალი; 
ა.დ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 14 თებერვალი;
ა.ე) ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - 15 თებერვალი. 
ბ)საგამოცდო ვადები (უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი დოქტორანტებისთვის): 
ბ.ა) უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) - 9 თებერვალი (10 საათი);
ბ.ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 9 თებერვალი (17 საათი); 
ბ.გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 12 თებერვალი (9 სთ-დან – 13 სთ-მდე);
ბ.დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 12 თებერვალი (17 საათი); 
ბ.ე) გასაუბრება სპეციალობაში  - 12 თებერვალი (14 საათი).
ბ.ვ) საბოლოო შედეგების გამოცხადება – 12 თებერვალი (18 საათი).

2. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):
ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი; 
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა.
ი)სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
კ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
ლ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის  დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                გიორგი შარვაშიძე


 

« უკან დაბრუნება