2018-01-29
ბრძანება №:16/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 29 მარტის №46/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო  დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  29 მარტის №46/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

    „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის 2018 წლის 17 იანვრის №762/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს დამატება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 29 მარტის №46/02-01 ბრძანებაში  და აღნიშნული ბრძანების დანართი №1-ის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე მე-4 პუნქტი:

,,4. ბიბლიოთეკათშორის აბონემენტით სარგებლობის წესები:
ა) ბიბლიოთეკათშორის აბონემენტით  სარგებლობა შეუძლია იმ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს, რომელთაც თავიანთ სტრუქტურაში აქვთ ბიბლიოთეკები.
ბ) ბიბლიოთეკათშორის აბონემენტით  სარგებლობისთვის  მომხმარებელმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელთან უნდა წარადგინოს დაწესებულების ხელმძღვანელის მომართვა, დაწესებულების სტრუქტურა, დაწესებულების ხელმძღვანელის დელეგირება წარმომადგენელი პირისადმი და დელეგირებული პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
გ) დაწესებულების წარმომადგენელს მიენიჭება აბონენტის ნომერი და შეივსება ბიბლიოთეკათშორის აბონემენტის ფორმა (აბონემენტის  ნომერი, აბონენტის მისამართი, პირადი ნომერი, ტელეფონი, გვარი სახელი), აგრეთვე შეკვეთის ბლანკი, რომელიც საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაბრუნებამდე ინახება აბონემენტის განყოფილებაში.
დ) საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაზიანება/დაკარგვის შემთხვევა რეგულირდება ამ წესის მე–3 მუხლით.
ე) საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაბრუნების დაკარგვა – დაგვიანების შემთხვევაში ბიბლიოთეკა იტოვებს უფლებას კონკრეტულ დაწესებულებას გაუუქმოს აბონემენტი.
ვ) ბიბლიოთეკათშორის აბონემენტით გაიცემა: წიგნები 30-დღით, პერიოდული გამოცემები - 20 დღით;
ზ) ბიბლიოთეკათშორის აბონემენტით  არ გაიცემა: მხატვრული ლიტერატურა, ცნობარები, ენციკლოპედიები, ლექსიკონები, გაზეთები, ხელნაწერები,  მიკრიფირები, საბიბლიოთეკო დოკუმენტის  ერთი ეგზემპლარი, CD, იშვიათი გამოცემები, 1921 წლამდე გამოცემული გამოცემები, დისერტაციები.
თ) ბიბლიოთეკათშორის აბონემენტი უზრუნველყოფს საბიბლიოთეკო ქსეროქსითა და სკანერით მომსახურებას  კანონმდებლობით განსაზღვრული წესით“.
2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ნუნუ ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება