2010-06-14
ბრძანება №:131/02-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით საუნივერსიტეტო ბიუჯეტის ფარგლებში კვლევითი პროექტების დაფინანსების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით საუნივერსიტეტო ბიუჯეტის ფარგლებში კვლევითი პროექტების დაფინანსების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23–ე და 24–ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 25–ე მუხლის 1–ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:

1.    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით საუნივერსიტეტო ბიუჯეტიდან დაფინანსდეს ის პროექტები, რომლებმაც რუსთაველისა და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდების მიერ 2009 წელს გამოცხადებულ კონკურსებში 90 ან მეტი ქულა დაიმსახურეს, მაგრამ ვერ მიიღეს დაფინანსება.

2.    დაფინანსდეს რუსთაველის ფონდში წარდგენილი ორი და საქართველოს ეროვნულ  სამეცნიერო ფონდში თითოეულ მიმართულებაზე წარდგენილი თითო პროექტი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

2.1.    ფონდში წარდგენილი იყო თსუ-ს სახელით და არ ჰყავდა სხვა თანამონაწილე ორგანიზაცია;
2.2.    პროექტის ხელმძღვანელი/მენეჯერი არ არის იმ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი, რომლის საკვლევი თემატიკა უკვე ფინანსდება უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან;
2.3.    იმ პროექტებს შორის, რომლებიც აკმაყოფილებენ 2.1 და 2.2 პუნქტებს, მიიღეს ყველაზე მაღალი შეფასება.

3.    წამახალისებელი თანხის ოდენობა განისაზღვროს ფონდში წარდგენილი პროექტის ბიუჯეტის სახელფასო განაკვეთით პროექტში მითითებული ძირითადი პერსონალისათვის და იმ ინვენტარის/ აპარატურის/ აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც უნივერსიტეტს არ გააჩნია და რომლის გარეშეც ვერ მოხდება პროექტით განსაზღვრული სამეცნიერო შედეგების მიღწევა.

4.    შერჩეული პროექტების ძირითადი პერსონალის დაფინანსება განხორციელდეს სახელფასო თანხით 2 კვარტლის განმავლობაში, 2010 წლის 1 ივლისიდან  31 დეკემბრის ჩათვლით პროექტის ფარგლებში ამ პერიოდში განსაზღვრული სამუშაოების ჩასატარებლად.

5.    თსუ-ს მიერ დაფინანსებული პროექტების მენეჯერებმა ყოველი კვარტლის დასრულებიდან 10 სამუშაო დღეში თსუ რექტორსა და თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგინონ კვარტლური (პროგრამული) ანგარიში დასახული ამოცანების შესრულების შესახებ სპეციალური ფორმის შესაბამისად.

6.    უნივერსიტეტის ცენტრალური ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების თანამშრომლობით შეიქმნას კომისია, რომელიც ზემოაღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩევს დასაფინანსებელ პროექტებს.

7.    დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შერჩეული პროექტების ძირითად მონაწილეებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება (ნ. ლაცაბიძე).

8.    დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შერჩეული პროექტების დაფინანსება საუნივერსიტეტო ბიუჯეტიდან (ი. საღარეიშვილი).

9.    საუნივერსიტეტო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების ხელმძღვანელებს/მენეჯერებს გაეწიოთ რეკომენდაცია, რომ ეროვნულ საგრანტო კონკურსებში განმეორებით სცადონ დაფინანსების მოპოვება.

10.    საუნივერსიტეტო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტებისთვის ეროვნულ საგრანტო კონკურსებში მოპოვებული წარმატებისა და წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე მოხდეს დაფინანსების გაგრძელება/შეწყვეტა.

11.    ბრძანება საჯარო გაცნობის მიზნით გამოიკრას თვალსაჩინო ადგილზე და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.   

12.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მ.შ გიორგი ღვედაშვილის 11.06.2010 წლის №14386/02 წერილი.







ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი                             რომან ხარბედია
« უკან დაბრუნება