2018-06-21
ბრძანება №:172/02-01
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში ტექნიკური ზედამხედველების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში ტექნიკური ზედამხედველების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ტალახაძის 2018 წლის 13 ივნისის N12063/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში ტექნიკური ზედამხედველის შესარჩევად.
2. მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველის
ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 2000 (ორიათასი) ლარით.
3.
აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა)ჰქონდეს უმაღლესი სამშენებლო-საინჟინრო განათლება, სასურველია სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით.
ბ)ჰქონდეს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 7 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
გ)ფლობდეს კომპიუტერულ პროგრამებს - Word, Excel;
4.
აპლიკანტი უნდა ფლობდეს შემდეგ უნარებს:
ა) მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
ბ) დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი;
გ) დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
დ) გუნდური მუშაობის უნარი;
ე) ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ვ) მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
ზ) სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
5.
აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
1)
სამშენებლო ტექნოლოგიების, შესრულებული სამუშაოების მოცულობების პროექტთან და ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის კონტროლი;
2)
მშენებლობაში მონაწილეთა მიერ საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესრულების, სამშენებლო ნორმების და წესების, სახელმწიფო სტანდარტების, ტექნიკური პირობების და იმ ნორმატიული დოკუმენტების შესრულების კონტროლი, რომლებიც ეხება სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ხარისხს და შესრულების ტექნოლოგიას;
3)
გამოყენებული მასალების მოცულობების პროექტთან და ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის კონტროლი;
4)
სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების პროცესში იმ შეუსაბამობების და დეფექტების გამოვლენა, რომლებიც ეწინააღმდეგება სამშენებლო ნორმებს და წესებს, სახელმწიფო სტანდარტებს და სხვა ნორმატიულ დოკუმენტებს. ფოტოფიქსაცია და განკარგულების გაცემა მათ აღმოფხვრაზე. განკარგულების სრულად და დროულად შესრულების კონტროლი, რაც აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს სამუშაოთა წარმოების ჟურნალში;
5)
მშენებლის მიერ ლაბორატორიული კვლევების და გაზომვების ჩატარების კონტროლი ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტების შესაბამისად;
6)
გამოყენებული კონსტრუქციების, ნაკეთობების, მასალების და დანადგარების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების (ტექნიკური პასპორტის, სერტიფიკატის, ლაბორატორიული გამოცდის შედეგების და ა.შ.) შემოწმება;
7)
კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ხარისხის ყოველდღიური კონტროლი, მშენებლობაში მონაწილეთა მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობების კონტროლი;
8)
სამუშაოთა შესრულების ფარული აქტების შემოწმება და შედარება ფაქტიურად შესრულებულ მოცულობებთან. რეალურად შესრულებული ფარული სამუშაოების აქტების დამოწმება ხელმოწერით და მათში მოყვანილი სამუშაოების დასრულების თარიღის მითითებით;
9)
შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა და ზედამხედველობის ყოველდღიური ჟურნალის წარმოება;
10)
შუალედური და საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებში („ფორმა №2“) მოყვანილი სამუშაოების მოცულობების შედარება ხარჯთაღრიცხვასთან და ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და შემდგომ მათ დადასტურება (სამშენებლო კომპანიის მიერ შუალედური სამუშაოების დოკუმენტაციის გადმოცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში);
11)
დასრულებული სამუშაოების მოცულობების ხარჯთაღრიცხვასთან შესაბამისობის კონტროლის უზრუნველყოფა. დასკვნის მომზადება აღნიშნული პროექტით მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტები;
12)
სამუშაოთა შესრულების გრაფიკის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში დამკვეთთან შეთანხმებით მისი ოპტიმიზაცია;
13)
პროექტში ცვლილებების შეტანის საჭიროებისას დამკვეთის ინფორმირება;
14)
ხარჯთაღრიცხვაში ახალი სამუშაოს შეტანის შემთხვევაში მასალების ღირებულების, შრომის ანაზღაურების, მანქანა-მექანიზმების გამოყენების დანახარჯების დადგენა შესაბამის ნორმატიულ დოკუმენტებზე და საშუალო საბაზრო ფასებზე დაყრდნობით;
15)
სამშენებელო ორგანიზაციის მიერ შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი წესების დაცვის მონიტორინგი და აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება;
16)
ექსპლუატაციაში გასაშვები სისტემების (მაგ. გათბობის) გამოცდის უზრუნველყოფა და შესაბამისი აქტების შედგენაში მონაწილეობა;
17)
მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ დამკვეთისათვის ყოველკვირეული ანგარიშის მიწოდება წერილობითი ფორმით. ასევე, ყოველთვიური შემაჯამებელი ტექნიკური ანგარიშების მიწოდება;
18)
პროექტის მონაწილე მხარეებთან ოფიციალური წერილობითი კომუნიკაციის წარმოება სამუშაოთა შეჩერების, შეფერხების ან/და სხვა ნებისმიერი დამაბრკოლებელი თუ რისკის ფაქტორის წარმოქმნისთანავე;
19)
სამუშაოთა შემსრულებლის მიერ ობიექტის/დანადგარების ექსპლუატაციის წესების (სადაც რელევანტურია) დამკვეთისთვის გადაცემის კონტროლი.
6.
აპლიკანტს მოეთხოვება პერიოდულად ანგარიშის წარდგენა
ა) ზედამხედველი წარუდგენს თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსს ყოველკვირეულ ანგარიშს სამუშოების მიმდინარეობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს:
•
სამუშაოების ზოგად მიმდინარეობას (მოკლე ანალიზი);
•
აღმოჩენილ შენიშვნებს/ნაკლოვანებებს და მათი გადაწყვეტის გზების მოკლე აღწერას;
•
რეაბილიტაციის პროცესის ამსახველ ფოტომასალას.
(ანგარიში წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით ყოველი კვირის პირველ სამუშაო დღეს ხელშეკრულების გაფორმებიდან - თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსთან).
ბ) ზედამხედველი წარუდგენს თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსს ყოველთვიურ ანგარიშს, სადაც მითითებული უნდა იქნეს სამუშაოების მიმდინარეობა და მათი ყველა ძირითადი კომპონენტის რეალური პროგრესის ანალიზი დაგეგმილთან მიმართებაში, ანგარიში ასევე უნდა მოიცავდეს:
•
სამუშაოთა წარმოების გრაფიკის ანალიზს ჩამორჩენის მიზეზის მითითებით ასეთის არსებობის შემთხვევაში და ამ ჩამორჩენის აღმოფხვრისკენ მიმართულ ღონისძიებებს;
•
გაკონტროლებული სამუშაოების ჯამურ შედეგებს პროცენტულად;
•
შესრულებული სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულებას;
•
სხვა რაოდენობრივ მაჩვენებლებს, მათ შორის, გამოვლენილი და აღმოფხვრილი ნაკლოვანებების რაოდენობას.
7.
კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
ბ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.)
ე) მინიმუმ ერთი სარეკომენდაციო წერილი.
8.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;
9.
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველის შესარჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი N1);
10.
ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2018 წლის 22 ივნისიდან 2018 წლის 29 ივნისის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს „მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველი;"
11.
ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში ტექნიკური ზედამხედველის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge- და Jobs.ge
12.
საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2018 წლის 12 ივლისისა;
13.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა