2007-02-14
ბრძანება №:14/01–01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება 2006-2007 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში სტუდენტთა რეგისტრაციისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ (ბრძანება N14/01–01)


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2006-2007 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში სტუდენტთა რეგისტრაციისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად

ვბრძანებ:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2006-2007 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში სტუდენტთა რეგისტრაცია განხორციელდეს შემდეგი წესების დაცვით:
ა) სტუდენტთა რეგისტრაცია 2006-2007 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის განხორციელდეს ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე სტუდენტი გადის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას ბანკში სწავლის საფასურის გადახდით ( დანართი 1). ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის შემდეგ სტუდენტი გადის აკადემიურ (საგნობრივ) რეგისტრაციას ,,სასწავლო პროცესის მართვის სისტემის” საშუალებით ( დანართი 2).
ბ) სტუდენტმა ადმინისტრაციული რეგისტრაცია უნდა გაიაროს 2007 წლის 19 თებერვლიდან 23 მარტამდე, ხოლო აკადემიური რეგისტრაცია - 2007 წლის 30 მარტამდე.
გ) სტუდენტს, რომელიც არ გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას ამ ბრძანების „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადებში, შეუჩერდეს სტუდენტის სტატუსი.
დ) სტუდენტი, რომელსაც საკუთარი განცხადების საფუძველზე საქართველოს განათლების სამინისტროს ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების შესახებ დებულების” ძალაში შესვლამდე მოქმედი ნორმატიული აქტის საფუძველზე შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი აღდგენის უფლებით, 2006-2007 საწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის რეგისტრაციას გადის ამ ბრძანების „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადებში.
ე) სტუდენტი, რომელმაც არ გაიარა ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ვერ მიიღო მონაწილეობა 2006-2007 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრის სასწავლო პროცესში, საგაზაფხულო სემესტრის რეგისტრაციას გადის ამ ბრძანებით დადგენილი წესით.
ვ) სტუდენტი, რომელმაც ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელად მონაწილეობა მიიღო 2006-2007 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრის სასწავლო პროცესში, საგაზაფხულო სემესტრის რეგისტრაციის უფლების მოსაპოვებლად იხდის მიღებული მომსახურების საფასურს და გადის რეგისტრაციას საგაზაფხულო სემესტრის სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად ამ ბრძანებით დადგენილი წესით.
ზ) ამ ბრძანების „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი უფლების მოსაპოვებლად სტუდენტმა უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტს უნდა წარუდგინოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის დასკვნა-შუამდგომლობა საშემოდგომო სემესტრის სასწავლო პროცესში მისი მონაწილეობის შესახებ. სასწავლო დეპარტამენტი გამონაკლისი წესით, გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის გავლის უფლების მინიჭებაზე. სასწავლო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაში უნდა განისაზღვროს, თუ რა ეტაპიდან უნდა განაგრძოს სტუდენტმა სწავლა.

2. დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის. ბრძანება საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტში”, უნივერსიტეტის ვებგვერდზე და განთავსდეს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო პროცესის მართვისა და სტუდენტთა რეგისტრაციის და საფინანსო სამსახურებს (მ.სვანაძე, მ.ცარციძე);

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება