2007-04-18
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გულნაზი გალდავას ბრძანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესების დამტკიცების შესახებ (ბრძანება N26/02–01)

ბრძანება№ 26/02–01
18.04.07 წ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23–ე და 24–ე მუხლების, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა დამხმარე სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 13.12.2006 წ. № 01–01/301 ბრძანების, ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა დამხმარე პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 28.02.2007 წ. № 08/02-01 ბრძანების და ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 14.03.2007 წ. № 10/02-01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 28.02.2007 წლის #08/02-01 ბრძანებით დამტკიცებული ადმინისტრაციული და სხვა დამხმარე პერსონალის საშტატო განრიგით განსაზღვრული თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატების გამოვლენის მიზნით დამტკიცდეს კონკურსანტთა შერჩევის ერთიანი წესები (დანართი № 1).
2. დაევალოს კანცელარიას (ნ.ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისათვის. ბრძანება საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტში“, უნივერსიტეტის ვებ გვერდზე და მოხდეს მისი ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. ბრძანების შესრულება უზრუნველყოს საკონკურსო კომისიამ.
4. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
5. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გ. გალდავა

დანართი 1

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა სტრუქტურული ერთეულების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესები

$1. კონკურსის მიზანი
1. კონკურსის მიზანია თსუ-ს ადმინისტრაციის და ფაკულტეტების დამხმარე სტრუქტურული ერთეულების ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშ პირთა შერჩევა.
2. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით იქმნება საკონკურსო კომისია და საფაკულტეტო ქვეკომისია. კომისიის ფუნქციაა კონკურსანტის პროფესიული ცოდნის, ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის შეფასება და შესაბამისი დასკვნის წარდგენა.

$2. საკონკურსო კომისიის შემადგენლობა
1. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და სხვა წევრები.
2. კომისიის შემადგენლობას და წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თსუ-ს რექტორთან შეთანხმებით.
3. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით იქმნება კომისიის სამდივნო. კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც ინიშნება თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ.
4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და ფაკულტეტების დამხმარე სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა შერჩევის განხორციელების მიზნით შექმნილია საკონკურსო კომისია.
5. ფაკულტეტების დამხმარე სტრუქტურულ ერთეულად თანამშრომელთა შერჩევის განხორციელების მიზნით შექმნილია საფაკულტეტო საკონკურსო ქვეკომისია, რომელსაც თავმჯდომარეობს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი.

$3. კომისიის სამდივნო
1. კომისიის სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი ორგანიზაციული საკითხის წარმართვა, მათ შორის კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და სრულყოფილი დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენა.
2. კომისიის სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსის პირველი ეტაპის შედეგად გამოვლენილ კონკურსანტთა ინფორმირებას და მოწვევას ზეპირ გასაუბრებაზე.
3. კომისიის მდივანი ადგენს ზეპირი გასაუბრების სხდომის ოქმს.

$4. კომისიის სხდომა
1. საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
2. უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლების შერჩევას ახორციელებს საკონკურსო კომისია. ფაკულტეტების დამხმარე სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლების შერჩევა ხორციელდება საკონკურსო კომისიისა და შესაბამისი ფაკულტეტის ქვეკომისიის ერთობლივ სხდომებზე.

$5. კონკურსანტის შეფასება
1. კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. მომდევნო ეტაპზე გასვლის უფლება ეძლევა მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც წარმატებით გადალახავს კონკურსის წინა ეტაპს.
2. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და ფაკულტეტების დამხმარე სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა შერჩევა ხორციელდება კანდიდატების მიერ წარმოდგენილი საბუთების შემოწმებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით.

$6. საბუთების შემოწმება
1. კონკურსის პირველ ეტაპზე საკონკურსო კომისია ან/და საფაკულტეტო ქვეკომისია ადგენს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას საკონკურსო მოთხოვნებთან და აძლევს შეფასებას დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად (ფორმა #1 და № 2).
2. ამ პარაგრაფის პირველ პუნქტში მითითებული შემოწმების შედეგად არადამაკმაყოფილებელი შეფასების მქონე კონკურსანტი კარგავს კონკურსის მომდევნო ეტაპზე გასვლის უფლებას და ეთიშება კონკურსს.

$7. გასაუბრება
1. კონკურსის მეორე ეტაპზე საკონკურსო კომისია ან/და საფაკულტეტო ქვეკომისია გასაუბრების გზით ადგენს კანდიდატის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობას. კონკურსანტის შეფასება ხორციელდება დადგენილი კრიტერიუმის შესაბამისად (ფორმა № 3).
2. დადებითი შეფასების მისაღებად კონკურსანტმა უნდა გადალახოს მე-8 პარაგრაფის მეხუთე პუნქტით დადგენილი მინიმალური ზღვარი.

$8. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი
1. საკონკურსო კომისია ან/და საფაკულტეტო ქვეკომისია კანდიდატების საბუთების შემოწმების და გასაუბრების შემდეგ იმსჯელებს და გამოიტანს გადაწყვეტილებას.
2. კომისია გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის შეფასებით, მის მიერ კონკურსის თითოეული საფეხურის გავლისას მიღებული შედეგების გათვალისწინებით.
3. კონკურსანტთა შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით.
4. ფაკულტეტების დამხმარე სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლების შეფასებისას საკონკურსო კომისიის წევრები და ფაკულტეტის ქვეკომისია ცალ-ცალკე ახდენს კონკურსანტთა შეფასებას 50 ქულიანი სისტემით. კონკურსანტის ჯამური შეფასება შეადგენს ორივე კომისიის მიერ წარმოდგენილი შედეგების ჯამს.
5. დადებითი შეფასების მისაღებად კონკურსანტმა უნდა გადალახოს 75 ქულა.

$9. დავები კონკურსთან დაკავშირებით
1. დავები, რომლებიც წარმოიშობა კონკურსთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საკონკურსო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების განხილვის მიზნით იქმნება სააპელაციო კომისია.
3. სააპელაციო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ამ დოკუმენტის § 6 და § 7 დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადამოწმების საფუძველზე.

ფორმა #1

წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასება

ძირითადი კრიტერიუმები

#
კრიტერიუმი
შეფასების საფუძველი
შეფასება
1. კვალიფიკაცია კვალიფიკაციის ამსახველი დოკუმენტები დამაკმაყოფილებელი /
არადამაკმაყოფილებელი
2. გამოცდილება შრომითი გამოცდილების ამსახველი დოკუმენტები დამაკმაყოფილებელი /
არადამაკმაყოფილებელი
3. მოტივაცია/სამოქმედო გეგმა კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი დამაკმაყოფილებელი /
არადამაკმაყოფილებელი
4. საქმიანი რეპუტაცია შრომითი გამოცდილების ამსახველი დოკუმენტები, რეკომენდაციები; იმ ორგანიზაციის/ორგანიზაციების რეპუტაცია, სადაც იგი დასაქმებული იყო. ორგანიზაციის რეპუტაციის გათვალისწინებით, იმ პოზიციის ადეკვატურად, რომელიც მასში ეკავა კანდიდატს. დამაკმაყოფილებელი /
არადამაკმაყოფილებელი

ფორმა #2

მოტივაციის/სამოქმედო გეგმის შეფასების კრიტერიუმები

#
კრიტერიუმი
კრიტერიუმის განმარტება
1. მოტივაციის/სამოქმედო გეგმის არსის ჩამოყალიბება კანდიდატს მოეთხოვება მოტივაციის/სამოქმედო გეგმის არსის მკაფიოდ წარმოჩენა, თითოეული დებულების ჩამოყალიბება ნათლად და გასაგებად
2. მოტივაციის/სამოქმედო გეგმის დასაბუთება (არგუმენტირება) კანდიდატს მოეთხოვება საკუთარი მოტივაციის დამაჯერებლად არგუმენტირება
3. მოტივაციის ენობრივი მხარე კანდიდატს მოეთხოვება აზრის ენობრივად ზუსტად და მკაფიოდ გამოხატვა; სალიტერატურო ენის ნორმების დაცვა
4. მოტივაციის/სამოქმედო გეგმის საკმარისობა და მიზნობრიობა წარმოდგენილი მოტივაცია/სამოქმედო გეგმა საკმარისი უნდა იყოს ვაკანსიით გათვალისწინებული საქმიანობის მიმართ კანდიდატის დამოკიდებულების განსაზღვრისათვის; არ უნდა შეიცავდეს არამიზნობრივ ინფორმაციას
5. მოტივაციის/სამოქმედო გეგმის
ადეკვატურობა
მოტივაციის/სამოქმედო გეგმის შინაარსობრივი ადეკვატურობა განისაზღვრება ინდივიდუალურად ვაკანსიის სპეციფიკიდან გამომდინარე

ფორმა #3

გასაუბრება

ძირითადი კრიტერიუმები

# კრიტერიუმი შეფასების საფუძველი
1. პროფესიული კომპეტენცია გასაუბრება, კვალიფიკაციისა და შრომითი გამოცდილების ამსახველი დოკუმენტები
2. მოტივაცია/სამოქმედო გეგმა გასაუბრება
3. ნორმატიული ბაზის ფლობა გასაუბრება
4. ზოგადი უნარ-ჩვევები (ანალიზი, სიტუაციის ადეკვატურად შეფასება, რეაგირების სისწრაფე და სხვა) გასაუბრება
5. პიროვნული თვისებები (ურთიერთობისა და მეტყველების კულტურა) გასაუბრება
« უკან დაბრუნება