2007-02-09
ბრძანება №:13/01–01
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება უნივერსიტეტის ფაკულტეტის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო დისციპლინების განმეორებით მოსმენის პროცესის მოწესრიგების შესახებ (ბრძანება N13/01–01)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო დისციპლინების განმეორებით მოსმენის პროცესის მოწესრიგების მიზნით
უმაღლესის განათლების შესახებ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის შესაბამისად
ვბრძანებ:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სალექციო კურსის მოსმენა და შესაბამისი კრედიტის მინიჭება განხორციელდეს შემდეგი წესების დაცვით:
- სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ვადებში და დაფინანსების (სემესტრული გადასახადის) ფარგლებში განმეორებით მოისმინოს ცალკეული საგნები სემესტრულ სამუშაო ნორმად დადგენილ კრედიტების ოდენობის დაცვით.
- სტუდენტებს, რომლებმაც საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოიპოვეს შესაბამისი აკადემიური ხარისხი, უფლება მიეცეთ თვითდაფინანსების გზით დაასრულონ სასწავლო პროგრამა მომდევნო არაუმეტეს ოთხი სემესტრის ვადაში. გადასახადი განისაზღვროს, დეკანატის წარდგინების საფუძველზე, ჩასაბარებელი საგნების კრედიტების მოცულობის ან სემესტრული გადასახადის შესაბამისად. სემესტრში დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამის სრულად განმეორების აუცილებლობისას სტუდენტს სწავლის საფასური განესაზღვროს მიმდინარე სასწავლო წელს დადგენილი ტარიფით. ცალკეული დისციპლინის განმეორებითი შესწავლისას საფასური განისაზღვროს საგნისათვის მინიჭებული სრული კრედიტული მოცულობის შესაბამისად, ყოველ კრედიტზე 25 ლარის ოდენობით.
- ბრძანების შესრულებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტი.
- დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის. ბრძანება საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტში“, უნივერსიტეტის ვებგვერდზე და მოხდეს მისი ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ღიად განთავსება.
- კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
- ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა
« უკან დაბრუნება