2007-05-15
ბრძანება №:44/01–01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტის სემესტრული შეფასების წესების დადგენის შესახებ (ბრძანება N44/01–01)


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტის სემესტრული შეფასების წესების დადგენის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის შესაბამისად,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :


1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა სემესტრული ცოდნის შეფასება განხორციელდეს შემდეგი წესების დაცვით:

ა) ცალკეულ საგნებში სტუდენტთა სემესტრული ცოდნის შეფასება განხორციელდეს 100 ქულიანი სისტემით.
ბ) საგანში სტუდენტის სემესტრული შეფასების აუცილებელი კომპონენტია საბოლოო გამოცდა, რომლის ხვედრითი წილი არ უნდა აღემატებოდეს 40 ქულას. სტუდენტი საბოლოო სავალდებულო გამოცდაზე ჩაჭრილად ჩაითვლება, თუ ის მიიღებს შეფასების ამ კომპონენტისათვის დადგენილ ქულათა 50%-ზე ნაკლებს.
გ) სემესტრულ შეფასებაში კრედიტის მინიჭების წინაპირობაა სტუდენტის მიერ სულ მცირე 51 ქულის დაგროვება, რომელშიც სავალდებულო საბოლოო გამოცდის ხვედრითი წილი უნდა აისახოს შეფასების ამ კომპონენტისათვის დადგენილ ქულათა არანაკლებ 50%-ით.
დ) სტუდენტის საბოლოო გამოცდაზე დაშვებისათვის აუცილებელი მინიმალური ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: 51 ქულას აკლდება საბოლოო გამოცდისათვის დადგენილ ქულათა მაქსიმუმი.
ე) სემესტრულ შეფასებაში 41-დან 50 ქულამდე დაგროვების შემთხვევაში სტუდენტს ეძლევა კურსის განმეორების გარეშე საბოლოო გამოცდაზე კიდევ ერთხელ გასვლის უფლება.
ვ) სემესტრის საბოლოო გამოცდაზე ჩაჭრილ სტუდენტს, რომლის შეფასებათა ჯამი შეადგენს არანაკლებ 41 ქულას, ეძლევა კურსის განმეორების გარეშე საბოლოო გამოცდაზე კიდევ ერთხელ გასვლის უფლება.

2. დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ.ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის, ბრძანება საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტში“, უნივერსიტეტის ვებ გვერდზე და განთავსდეს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს (მ.სვანაძეს).

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება