2013-07-29
ბრძანება №:85/01-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის           2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15  მუხლის პირველი  და მე-2 პუნქტების ,,ა" და ,,ს" ქვეპუნქტების, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის N31 დადგენილებით დამტკიცებული ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, ამავე წესის მე-3 მუხლის, ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის პირველი ივლისის №12/04 ერთობლივი ბრძანების "ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის დ. თვალთვაძის 2013 წლის 23 ივლისის №20782/02 და 2013 წლის 26 ივლისის №21075/02 წერილის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული და  ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.    უნივერსიტეტის სრულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.    უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

4.    კონკურსი გამოცხადდეს 2013 წლის 26 ივლისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2013 წლის 27 აგვისტოდან 2013 წლის 7 სექტემბრამდე. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2013 წლის  16 სექტემბრისა.
5.    კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად შემდეგი მიმართულებებით:

1.    არქეოლოგია
სრული პროფესორი - 1

2.    თურქეთის ისტორია
სრული პროფესორი - 1

3.    თურქოლოგია
ასოცირებული პროფესორი - 1

6. სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ  თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული  (CD)   სახით  (ფაილის ფორმატი - Word da PDF);
გ)   პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ)   პედაგოგიური და სამეცნიერო  საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ)  შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი სამეცნიერო ნაშრომი;
თ)  სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.

7. საკონკურსო დოკუმენტები მიიღება   2013 წლის 27 აგვისტოდან 2013 წლის 7 სექტემბრამდე 9:30-დან  18:00 საათამდე,  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში.  მისამართი:  თბილისი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, II სართული, ოთახი N 207;

8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფრომაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
9. ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში"
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;

11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                         ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება