2015-02-27
ბრძანება №:17/02-01
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ატესტაციის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ატესტაციის გამოცხადების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის №08/04 ერთობლივი ბრძანების, ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საატესტაციო კომისიის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ოქმის (წერილი №7590/02) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
გამოცხადდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ თანამდებობებზე დასაქმებული ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ატესტაცია 70 საშტატო ერთეულზე.
2.
ატესტაცია ჩატარდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის მოთხოვნების საფუძველზე _ "დოკუმენტაციის განხილვა/შეფასება, რომელიც ადასტურებს ბოლო ოთხი წლის მანძილზე მასწავლებლის/მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას და ჩატარებულ სამეცნიერო-მეთოდურ საქმიანობას."
3.
ატესტაციაში მონაწილეობის მსურველ მასწავლებლებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა (წარმოსადგენი დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს 2011-2015 წლებს):
ა) განცხადება კომისიის სახელზე
ბ) ავტობიოგრაფია (Resume/CV _ ქართულ ენაზე);
გ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დ) პროფესიული (ენობრივი კომპეტენციის, მეთოდური, დარგობრივი ენის) განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატების ასლები;
ე) თანამდებობის პროფილით გათვალისწინებული (სასწავლო-მეთოდური) შრომების სია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ადგილობრივ და საერთაშორისო (საქართველოში და უცხოეთში) კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ზ) უცხოეთში სტაჟირების (ენის სწავლების მეთოდიკა) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4. ატესტაციის შედეგად შერჩეულ მასწავლებელთა მინიმალური სავალდებულო კვირეული სააუდიტორიო დატვირთვა და შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.
5. ატესტაციის შედეგად შერჩეული მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 4 წლის ვადით.
6. საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის 2 მარტიდან 4 მარტის ჩათვლით 10 საათიდან 17 საათამდე, მისამართზე ი. ჭავჭავაძის გამზ. №36 თსუ V კორპუსი, ოთახი №231.
7. საბუთების განხილვის ვადად განისაზღვროს 2015 წლის 5 მარტიდან 2015 წლის 6 მარტის ჩათვლით.
8. საბოლოო შედეგი გამოცხადდეს 2015 წლის 9 მარტს.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული
სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დ. ჩომახიძე