ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება 2006-2007 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების ორგანიზებულად ჩატარების შესახებ (ბრძანება N08/01–01)
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2006-2007 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების ორგანიზებულად ჩატარების შესახებ
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2006–2007 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის შესაბამისად
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- დამტკიცდეს 2006–2007 სასწავლო წელს თსუ–ის მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების ჩატარების წესები (დანართი 1)
- დაევალოთ ფაკულტეტების დეკანის მოვალეობის შემსრულებლებს (რ.ბოჭორიშვილი, დ.თვალავაძე, ი.სალუქვაძე, ა.ცომაია):
ა) 2007 წლის 30 იანვრისათვის შესაბამისი დარგობრივი საგამოცდო და სააპელაციო კომისიების შექმნა
ბ) მოამზადონ და საფაკულტეტო გამოცდის დღეს სათანადო წესის დაცვით წარმოადგინონ საგამოცდო ბილეთების საკითხები თითოეული მიმართულების შესაბამისად. - დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ.ოვსიანიკოვა), უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის;
- ბრძანება განთავსდეს თსუ–ის ვებგვერდზე;
- კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გულნაზი გალდავას.
საფუძველი: აკადემიური საბჭოს დადგენილება N 12 (23.01.2007).
დანართი 1
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
2006-2007 სასწავლო წლისათვის
მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების ჩატარების წესები
2006-2007 სასწავლო წელს თსუ-ის მაგისტრატურაში მიღებასთან დაკავშირებით დადგინდეს სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდების ჩატარების შემდეგი წესები:
მისაღები გამოცდები ჩატარდება 2007 წლის 5-8 თებერვალს თსუ-ის I კორპუსში შემდეგი გრაფიკით:
- ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 5 თებერვალი;
- ჰუმანიტარული ფაკულტეტი – 6 თებერვალი;
- ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 7 თებერვალი;
- სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 8 თებერვალი.
სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული დამატებითი გამოცდა ინგლისურ ენაში შედგება 8 თებერვალს.
მაგისტრატურის კონკურსანტები რეგისტრაციას გაივლიან თსუ-ის I კორპუსის #93 აუდიტორიაში 8:30-დან 9:00 საათამდე.
გამოცდების დაწყების დროდ განისაზღვროს 9:00 სთ.
მისაღები გამოცდების ხანგრძლივობაა 3 ასტრონომიული საათი.
ფაკულტეტის დეკანის მიერ წარმოდგენილი დარგობრივი კომისიების შემადგენლობის საფუძველზე იქმნება საუნივერსიტეტო დარგობრივი საგამოცდო კომისიები, რომლებიც უზრუნველყოფენ საგამოცდო წერითი ნაშრომების გასწორებას. დარგობრივ კომისიებში არ უნდა შედიოდნენ გამოცხადებული სამაგისტრო პროგრამებისა და მოდულების ხელმძღვანელები.
ფაკულტეტის დეკანების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო კომისიების საფუძველზე იქმნება საუნივერსიტეტო სააპელაციო კომისიები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებულ შეფასებებთან დაკავშირებით შემოსული საჩივრების განხილვას. სააპელაციო კომისიაში არ უნდა შედიოდნენ საგამოცდო კომისიის წევრები.
სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდებისათვის განისაზღვროს შემდეგი რეგულაცია:
ა) მისაღებ გამოცდებზე კონკურსანტები თითოეული სამაგისტრო პროგრამის შესაბამისად პასუხობენ ერთსა და იმავე საკითხებს;
ბ) საგამოცდო დავალება შედგება 4 საკითხისაგან (თითოეული 25 ქულა), ან ტესტისა (50 ქულა) და 2 საკითხისაგან (თითოეული 25 ქულა);
გ) დაცული უნდა იყოს თითოეული საკითხის თანაბარქულიანობის პრინციპი;
დ) საგამოცდო ნაშრომი შეფასდება 100-ბალიან სისტემაში;
ე) ფაკულტეტის დეკანებმა უნდა უზრუნველყონ გამოცხადებული პროგრამული საკითხების წარმოდგენა თემატურად განსხვავებული 4 პაკეტის სახით, რომლებშიც განთავსებული უნდა იყოს დაცალკევებული საკითხები საგამოცდო ბილეთებისათვის, ხოლო ტესტების შემთხვევაში – 4 ალტერნატიული ვარიანტი;
ვ) საგამოცდო დავალების ფორმირება მოხდება აუდიტორიაში კონკურსანტების თანდასწრებით, ფაკულტეტის მიერ წარმოდგენილი თემატურად განსხვავებული საგამოცდო საკითხების 4 პაკეტის მიხედვით.
ზ) დარგობრივი საგამოცდო კომისიები შეიმუშავებენ კრიტერიუმებს საგამოცდო ნამუშევრის თითოეული ნაწილის შეფასებისათვის მისი სტრუქტურის გათვალისწინებით;
8. საგამოცდო ნაშრომის შეფასებაში დადებითად ჩაითვალება 51 და მეტი ქულა;
9. დარგობრივი საგამოცდო კომისიის წევრი ყოველი საგამოცდო ნაშრომის საკითხების შეფასების ბოლოს წერს რეცენზიას საგამოცდო ნაშრომზე და ასაბუთებს საკუთარ შეფასებას თითოეულ საკითხთან მიმართებაში.
10. საგამოცდო შედეგები გამოცხადდება 9 თებერვალს.
11. სააპელაციო განცხადებები მიიღება 12 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: თსუ-ის I კორპუსი, ოთახი #110, 900-1700 საათებში.
12. ჩარიცხულთა სიები გამოცხადდება 15 თებერვალს.
13. მაგისტრატურაში ჩარიცხულმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია 2007 წლის 16-26 თებერვალს მისამართზე: თსუ-ის I კორპუსი, ოთახი #110, 9:00-18:00 საათებში. რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში მაგისტრანტს შეუწყდება სტუდენტის სტატუსი.
14. მაგისტრატურაში სწავლა დაიწყება 5 მარტს.
15. მაგისტრატურის კონკურსანტის მოვალეობებია:
- კონკურსანტი ვალდებულია დაუგვიანებლად 900 სთ-ზე გამოცხადდეს გამოცდაზე;
- გამოცდაზე დასაშვებად კონკურსანტმა თან უნდა იქონიოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;
- აკრძალულია გამოცდაზე ნებისმიერი ნივთის შეტანა, გარდა სასმელი წყლისა (პლასტმასის ბოთლით) და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ნივთებისა. ზედმეტი ნივთები კონკურსანტებმა უნდა ჩააბარონ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე მიმღები კომისიის სამდივნოს;
- გამოცდის დაწყების წინ კონკურსანტს გააცნობენ მის უფლება-მოვალეობებს;
- საგამოცდო დავალების შესასრულებლად კონკურსანტებს დაურიგდებათ რვეულები და კალმისტრები, რომელთა ჩაბარება გამოცდის დასრულების შემდეგ სავალდებულოა;
- საგამოცდო დავალების შესასრულებლად გამოყოფილი 3 ასტრონომიული საათის ათვლა დაიწყება საგამოცდო დავალების განსაზღვრის შემდეგ;
- საგამოცდო დავალების შინაარსთან დაკავშირებულ შეკითხვებზე კონკურსანტებს პასუხი არ გაეცემათ. ტექნიკური შეკითხვის წარმოქმნის შემთხვევაში კონკურსანტი ხელის აწევით ატყობინებს დამკვირვებელს და შეკითხვას სვამს ხმამაღლა;
- საგამოცდო დავალების მიღების შემდეგ კონკურსანტი ვალდებულია თავი შეიკავოს გარეთ გასვლისაგან;
- კონკურსანტი, რომელიც შეეცდება გამოიყენოს მობილური ტელეფონი ან ე.წ. «შპარგალკა», დაუყონებლივ მოიხსნება გამოცდიდან;
- გამოცდიდან მოხსნის საფუძველი შეიძლება გახდეს აგრეთვე გადალაპარაკება სხვა კონკურსანტთან ან დისციპლინის სხვა დარღვევა;
- საგამოცდო რვეულის ყდაზე გარედან კონკურსანტი აწერს გვარს, სახელს და სამაგისტრო სპეციალობას;
- საგამოცდო რვეულის პირველ გვერდზე კონკურსანტმა უნდა დაწეროს საგამოცდო დავალების საკითხები. საკითხებზე პასუხების თანმიმდევრობა არ არის შეზღუდული. დაუშვებელია რვეულში ცარიელი გვერდის გამოტოვება. შავი ჩანაწერებისათვის დაშვებულია რვეულის ბოლო ფურცლის გამოყენება;
- საგამოცდო რვეულში რაიმე მინიშნების დაფიქსირების შემთხვევაში, საგამოცდო ნამუშევარი არ შეფასდება.