2013-05-30
ბრძანება №:11/01-03

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატის რევაზ ჯორბენაძის დეკანის თანამდებობაზე დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატის რევაზ ჯორბენაძის დეკანის თანამდებობაზე დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე N3/5-13წ.), სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 27 დეკემბრის N17/01-03 ბრძანება და უნივერსიტეტს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, უნივერსიტეტმა გამოიკვლია, გააანალიზა და შეაფასა მოცემული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო წარმოადგენს ფაკულტეტის წარმომადგენლობით ორგანოს, რომლის უფლებამოსილებები განსაზღვრულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებით (შემდგომში - ,,უნივერსიტეტის წესდება”) და უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულებით (შემდგომში - ,,ფაკულტეტის დებულება”).
განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება   განსაზღვრულია   ფაკულტეტის   დებულებით,   რომლის  მე-7 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფაკულტეტის საბჭო - ,,თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს“, რაც ფაკულტეტის 35 წევრიანი საბჭოს პირობებში, შეადგენს არანაკლებ 18 ხმას.
ფაკულტეტის საბჭომ 2012 წლის 30 ნოემბერს დაამტკიცა „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევის წესი“. მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული წესის დამტკიცება არ წარმოადგენს ფაკულტეტის საბჭოს ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, აღსანიშნავია, რომ მისაღები და გასათვალისწინებელია ფაკულტეტის საბჭოს მიერ განსახორციელებელი იმ პროცედურული საქმიანობის მოწესრიგების მიზნით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არ არის საქართველოს კანონმდებლობით და/ან მის საფუძველზე, უნივერსიტეტში გამოცემული სამართლებრივი აქტებით დარეგულირებული.
ფაკულტეტის საბჭოს მიერ დამტკიცებული „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევის წესი“ (შემდგომში - ,,დეკანის არჩევის წესი”) ადგენს, რომ დეკანის თანამდებობაზე აირჩევა კანდიდატი, რომელიც საარჩევნო ბიულეტენების დათვლის შედეგად, დააგროვებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას. აღნიშნული ნორმის მოთხოვნის შესრულება გარანტირებულია ფაკულტეტის დებულების   მე-7 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სიითი შემადგენლობის უმრავლესობით კანდიდატის არჩევა უპირობოდ გულისხმობს სხვა კანდიდატებზე მეტი ხმის დაგროვებას). უნდა აღინიშნოს, რომ დეკანის არჩევის წესში ჩამოყალიბებულ ნორმებს აქვთ იურიდიული ძალა და მათი მიზანია, მოაწესრიგონ დეკანის არჩევნების ის პროცედურული საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და/ან მის საფუძველზე უნივერსიტეტში გამოცემული სამართლებრივი აქტებით, მაგრამ, ამავე დროს, ისინი შეიძლება ზუსტდებოდეს და, ამ შემთხვევაში, ზუსტდება და კონკრეტდება ფაკულტეტის დებულების მე-7 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დეკანის არჩევის წესის შესაბამის ნაწილთან მიმართებაში). აღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დეკანობის კანდიდატის არჩევისას, ფაკულტეტის საბჭოს უნდა ეხელმძღვანელა დეკანის არჩევის წესისა და ფაკულტეტის დებულების შესაბამისი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რადგან მხოლოდ დეკანის არჩევის წესი საშუალებას იძლევა დეკანობის კანდიდატი არჩეულ იქნას ხმათა მინიმალური ოდენობით.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის   სახელობის     თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის
წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" და "ი" ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-40 მუხლის პირველი პუნქტისა და ფაკულტეტის დებულების მე-7 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.    მიღებული იქნეს გადაწყვეტილება, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2012 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე   (ოქმი №8) მიღებული შედეგების გათვალისწინებით ფაკულტეტის საბჭოს მიერ წარმოდგენილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატის რევაზ ჯორბენაძის დეკანის თანამდებობაზე დამტკიცების უარის თქმის შესახებ.
2.    მიეცეს რეკომენდაცია უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს, განიხილოს  „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევის წესის“ მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შინაარსობრივი სრულყოფის საკითხი.
3.    დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
4.    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების   ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
5.    ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორი                                 ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება