2011-11-15
ბრძანება №:2257/01-04

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუქმებისა და სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუქმებისა და სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე

    თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოირკვა, რომ უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე ჩარიცხულ, სახელმწიფო სასწავლო გრანტის - 100% მქონე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების ნაწილს 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში არ ჰქონდათ გავლილი აკადემიური რეგისტრაცია. გამომდინარე იქიდან, რომ 100% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტები ავტომატურად გადიან ადმინისტრაციულ რეგისტრაციას, მიზანშეწონილია აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო მოხდეს მათთვის ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუქმება და სტუდენტის სტატუსის შეჩერება.

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:


  1. გაუუქმდეთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია და შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით (სახელმწიფო სასწავლო გრანტი – 100%):
    1.1.    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);

    1.2.    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);

    1.3.    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);

    1.4.    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);

    1.5.    იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);


  2. შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (2 კვირის ვადაში).
  3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
  5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
  6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის №52).






რექტორი                                        ალექსანდრე კვიტაშვილი   
« უკან დაბრუნება