2018-02-28
ბრძანება №:39/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რიგგარეშე მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რიგგარეშე მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის MES 5 18 00208719 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
განისაზღვროს 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის რიგგარეშე მობილობის ვადები:
ა) დოკუმენტაციის მიღება – 28 თებერვალი – 19 მარტი;
ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 28 თებერვალი – 19 მარტი;
გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება –19 მარტი;
დ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 20 მარტი;
ე) ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - 20 მარტი.
2.
განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):
ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ)უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი
გიორგი შარვაშიძე