2015-07-29
ბრძანება №:126/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესისა და საუნივერსიტეტო დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ

სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესისა და საუნივერსიტეტო დაფინანსების  წესის განსაზღვრის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების და  მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში ,,უნივერსიტეტი“) დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსება ითვალისწინებს უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლის ყოველსემეტრულ (ერთი სემესტრის განმავლობაში) დაფინანსებას, თითოეული ფაკულტეტის არაუმეტეს 5 დოქტორანტისათვის, წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრული წესით. 

2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში ,,უნივერსიტეტი“) დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსება ითვალისწინებს დაფინანსების (ნებისმიერი სახის დაფინანსება, რომელიც გამოიყენება დოქტორანტურაში დადგენილი სწავლის საფასურის ან მისი ნაწილის დასაფარად) და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მიზნებით გათვალისწინებული აქტივობების ნებისმიერი სახის დაფინანსების (მათ შორის საგრანტო) არმქონე სტუდენტთა დაფინანსებას შერჩევის საფუძველზე, აკადემიური (სამეცნიერო) შედეგების გათვალისწინებით.

3. საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის შესაბამისი ფაკულტეტის არაუმეტეს  5 სტუდენტის (კანდიდატის) შერჩევა, შეფასება, ხორციელდება ამავე ფაკულტეტის საბჭოს ან საბჭოს შექმნილი კომისიის მიერ, წინამდებარე ბრძანების დებულებათა გათვალისწინებით, ფაკულტეტების მიერ დამტკიცებული  წესით.

4. წინამდებარე ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესის შედგენისას ფაკულტეტი ვალდებულია დაეყრდნოს ამ ბრძანების N1 დანართით განსაზღვრულ სამეცნიერო -კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციას, სადაც რიგითი ნომრის მიხედვით სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის სახეობა მოცემულია რანჟირებულად, რეიტინგის კლებით.
5. წინამდებარე ბრძანების მიზნებისათვის დამტკიცდეს ,,სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაცია“ (დანართი N1).

6. შერჩეულ საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა სიას უნივერსიტეტის ფაკულტეტები უნივერსიტეტის რექტორს ბრძანებით დასამტკიცებლად წარუდგენენ შესაბამისი სემესტრის  ადმინისტრაციული რეგისტრაციის დასრულებისთანავე. 

7. ამ ბრძანების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული რექტორის ბრძანების საფუძველზე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გამოსცემს ბრძანებას შერჩეული დოქტორანტების საუნივერსიტეტო დაფინანსების შესახებ.

8. საუნივერსიტეტო დაფინანსება არ გაიცემა:
ა)  დამატებითი სემესტრის დოქტორანტებზე;
ბ) დოქტორანტებზე, რომლებსაც სრულად არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური;
გ) დასაფინანსებელ სემეტრში სტატუსშეჩერებულ დოქტორანტზე.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

10. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

11.  ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.



რექტორი, პროფესორი                                                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება