ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-11-10

პროფესორ ირაკლი კოვზანაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

პროფესორ ირაკლი კოვზანაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის გამგის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის,  პროფესორ ირაკლი კოვზანაძის წიგნის - Global Economy: Post-Crisis to Sustainable Development (“გლობალური ეკონომიკა: პოსტ კრიზისიდან მდგრად განვითარებამდე“) პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნში, რომელიც აშშ-ში გამოიცა, განხილული და გაანალიზებულია გლობალური ეკონომიკური და ფინანსური კრიზისების გამომწვევი მაკროეკონომიკური, ინსტიტუციონალური და სტრუქტურული ფაქტორები. ამავე დროს, სხვადასხვა ქვეყნების მაგალითებსა და მდიდარ სტატისტიკურ მასალაზე დაყრდნობით წარმოდგენილია მათი დაძლევის გზები და ეკონომიკური განვითარების მოდელები.

„აღნიშნულ ნაშრომში ძირითადი ეკონომიკური მიმდინარეობების მიმოხილვასთან ერთად ავტორი გვთავაზობს იმ მნიშვნელოვან და ღირებულ ღონისძიებებს, რომლებიც ფინანსური კრიზისების დროს უნდა განხორციელდეს, ასევე თავის მოსაზრებებს, თუ როგორ შევინარჩონოთ ამ პერიოდში გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა; მათ შორისაა სტრუქტურული რეფორმების გატარება, ეკონომიკის დივერსიფიკაცია, ბიზნესგარემოსა და  საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესება, უთანასწორობის აღმოფხვრა, საფინანსო სექტორში რეგულაციების გამკაცრება და ზედამხედველობა“, - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ფრანსუა პეშომ პრეზენტაციაზე.

სსფ-ის წარმომადგენლის გარდა, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა, ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე და ჟურნალ „ფორბსის“ მთავარი რედაქტორი, გიორგი ისაკაძე. პრეზენტაციას აკადემიური და ბიზნესწრეების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების, პარლამენტისა და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

„ორ ათეულ წელზეა მეტია, მსოფლიო ეკონომიკაში პარალელური პროცესები ვითარდება - გლობალიზაცია და არასტაბილურობა ეკონომიკასა და საფინანსო სექტორში. ამ მხრივ განსაკუთრებით მგრძნობიარეა საბანკო სფერო. როგორც ეკონომისტი და პრაქტიკოსი ბანკირი, ამ წლების განმავლობაში აღნიშნულ პროცესებს აქტიურად ვაკვირდები და ვსწავლობ. ეს წიგნი ბოლო წლებში გაწეული სამეცნიერო სამუშაოების რეზულტატია“, - განაცხადა პროფესორმა ირაკლი კოვზანაძემ პრეზენტაციის დასასრულს. 

აღსანიშნავია, რომ ირაკლი კოვზანაძეს აქვს საფინანსო-საბანკო სექტორში 25-წლიანი სამუშაო გამოცდილება. 2008 – 2012 წლებში მუშაობდა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში“ (EBRD), 2007-2008 წლებში კი - EBRD-ისა და “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” (OECD) ბანკების კორპორაციული მართვის ერთობლივი კომისიის თავმჯდომარედ ევრაზიის ქვეყნებში. არის 7 მონოგრაფიის, ერთი სახელმძღვანელოსა და 50-ზე მეტი სტატიის ავტორი ეკონომიკასა და მათემატიკაში, რომლებიც, ძირითადად, ეხება სისტემურ საბანკო კრიზისებს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, გარდამავალი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებში. ირაკლი კოვზანაძე ამჟამად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეა.  
 


Print

« იხ. ყველა სიახლე