ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-10-05

მემორანდუმი გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან

მემორანდუმი გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში სტაჟირებას გაივლიან და დასაქმდებიან. თსუ-სა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ პროფესიული მომზადება გაიარონ, სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკული საქმიანობით განამტკიცონ, ასევე, პრაქტიკული უნარ-ჩვევები გამოიმუშაონ. წარმატებული სტაჟირების შემდეგ შერჩეული სტუდენტები კომპანიაში დასაქმდებიან.   

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში სტაჟირების გავლა სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებს შეეძლებათ. „გაზის ტრანსპორტირების კომპანია გაზსადენების უზარმაზარ ქსელს მართავს და ჩვენი სტუდენტები სხვადასხვა მიმართულებით მიიღებენ გამოცდილებას. აუცილებელია, რომ ინდუსტრიასა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის უფრო მჭიდრო კავშირები დამყარდეს, რათა სასწავლო პროცესში გავითვალისწინოთ  შრომის ბაზრის მოთხოვნები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი სტუდენტების დასაქმებას. ეს კი  ჩვენთვის პრიორიტეტია,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის ჯაბა ხმალაძის თქმით, მემორანდუმის მიზანია ახალგაზრდა, მიზანდასახული და განათლებული კადრების მოზიდვა, შემდგომ დასაქმების პერსპექტივით. „ჩვენს კომპანიას ადრეც ჰქონია უმაღლეს სასწავლებლებთან სტაჟირების პროგრამა და საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ბევრი სტუდენტი დასაქმდა ჩვენთან, რომლებიც დღემდე მუშაობენ. ვაგრძელებთ ამ პროექტს და ვფიქრობ, რომ ჩვენი სექტორისთვის ენერგიული და წარმატებული ახალგაზრდების დასაქმება სარგებლის მომტანი იქნება,“ - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

თსუ იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტს არჩილ ჯავახიშვილს მიაჩნია, რომ სტაჟირების კურსის გავლა სტუდენტებისთვის ძალიან კარგი გამოცდილებაა. „სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია სტაჟირების პროგრამები, რომელიც შემდგომ კონკრეტულ ადგილას დასაქმების საშუალებას მოგვცემს. როგორც გავიგეთ, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის შემოთავაზება  სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებს შეეხება და განსხვავებულ ვადებს მოიცავს. ვთვლი, რომ ეს ყველა ჩვენგანისთვის კარგი შანსია,“ - აღნიშნა სტუდენტმა.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ოპერირებას უწევს მაგისტრალურ გაზსადენებს საერთო სიგრძით 1967,136კმ. და მაგისტრალური გაზსადენებისა და მისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით ახორციელებს: ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას  3 ძირითადი მიმართულებიდან: აზერბაიჯანი, შაჰ-დენიზის საბადოები, ჩრდილეოთ კავკასია-ამიერკავკასია; ბუნებრივი გაზის ტრანზიტულ მომსახურებას ჩრდილოეთიდან-სამხრეთის მიმართულებით; კომპანია ასევე უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, ზრდის მის ეფექტურობას, ხელს უწყობს ბუნებრივი აირის შეუფერხებელ და უსაფრთხო მიწოდებას. სამუშაოები ტარდება მაღალი სტანდარტების დაცვით, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის გამოყენებით.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 200-ზე მეტი აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს, უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. გაფორმებული ხელშეკრულებების და მემორანდუმების საფუძველზე ყოველწლიურად  თსუ-ს ასობით სტუდენტი გადის სტაჟირებას და საქმდება სახელმწიფო და კერძო სექტორში.


Print

« იხ. ყველა სიახლე