ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული პირველი და მეორე კორპუსების ფასადები სრულად განათდა. შესაბამისი განათების სისტემის მონტაჟი ცოტა ხნის წინ საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში განხორციელდა. თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირზე პირველი და მეორე კორპუსების მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს და მეორე კორპუსის რეაბილიტაციის პროექტზე ისაუბრეს.
მეორე კორპუსის სარემონტო სამუშაოების და ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ეტაპზე მნიშვნელოვანია არამარტო ფასადების განათების მოწესრიგება, ასევე უნივერსიტეტის ეზოში არსებული დაზიანებული ნარგავების შეცვლა და მწვანე ზონის განახლება. გამწვანების სამუშაოები უახლოეს პერიოდში მერიასთან ერთად იგეგმება. „უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და მათზე გარე განათების დამონტაჟება ძალიან მოუხდება განახლებულ ჭავჭავაძის გამზირს. მიმდინარეობს მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი. სამუშაოები საკმაოდ მასშტაბურია და სრულად მომავალ წელს დასრულდება. თბილისის მერია გვეხმარება იმაში, რომ განახლდება უნივერსიტეტის ბაღი და გაიწმინდება პირველი კორპუსი,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
თბილისის მერის კახა კალაძის აზრით, უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსების ფასადების განათებები ძალიან მოუხდა გამზირს. „ეს სამუშაოები თავად უნივერსიტეტმა განახორციელა. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თანამშრომლობისთვის, ძალიან კარგი და ლამაზი პროექტის განხორციელებისთვის. ჭავჭავაძის გამზირის სამუშაოების დასრულების შემდეგ ვნახავთ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი. ზუსტად ასეთი ხარისხის, შინაარსობრივად ასეთი სახის ქუჩები უნდა იყოს დედაქალაქში,“-აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, თბილისის მერიამ ბევრი საპილოტე პროექტი განახორციელა გამზირზე და სამუშაოების დასრულების შემდეგ საზოგადოება ნახავს რამდენად ლამაზი გამოვიდა ეს პროექტი.