ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ერთობლივ პროფესიულ და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებენ. ამის შესახებ მემორანდუმს თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა
ქეთევან ჯაყელმა მოაწერეს ხელი.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად იქნება ჩართული ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო სკოლასთან ერთად, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამაში: „ჟვანიას სახელობის სკოლასთან ხანგრძლივი თანამშრომლობა გვაკავშირებს. იმისთვის, რომ სახელმწიფო ენა გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი, რეგიონებში ბევრი პროგრამა ხორციელდება. განსაკუთრებით იქ, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. ჩვენ მხარს დავუჭერთ პროგრამის განხორციელებას, ეს ჩვენსა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებშიც შედის,“-განაცხადა
თსუ რექტორმა.
„თსუ-სთან თანამშრომლობა ჩვენთვის დიდი პატივია. ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარების კუთხით ჩასატარებელი ტრენინგები უზრუნველვყოთ თსუ-ს ბაზაზე,"- აღნიშნა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო სკოლის დირექტორმა
ქეთევან ჯაყელმა.
ორმხრივი მემორანდუმის მიზანია ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, კონფერენციების, სემინარების ორგანიზება; ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება საჯარო სექტორში მომუშავე პირთა პროფესიული განვითარებისთვის.