ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-12-26

შეხვედრა ერასმუს+ პროგრამის სტუდენტებთან

შეხვედრა ერასმუს+ პროგრამის სტუდენტებთან
ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 სტუდენტი ევროპის 15 ქვეყნის 35 სხვადასხვა უნივერსიტეტში ისწავლის. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტებთან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნუნუ ოვსიანიკოვამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო და სტუდენტების კითხვები ძირითადად უნივერსიტეტებში გამგზავრებასთან დაკავშირებულ პროცედურებს უკავშირდებოდა.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა ერასმუს+  სტუდენტებს განვითარების ძალიან კარგ შანსს აძლევს. „თსუ-ს ერასმუს+-ის ფარგლებში უფრო მეტი პროექტი დაგვიფინანსდა, ვიდრე მთელ ცენტრალურ აზიას ერთად აღებულს და ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი. გარდა რაოდენობრივი მაჩვენებლისა, მნიშვნელოვანია თვისებრივიც. შეხვედრაზე სტუდენტებმა იმ უნივერსიტეტებში სწავლის პირობების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, სადაც მიემგზავრებიან. მათ ამომწურავი ინფორმაციის მოპოვება შეუძლიათ სპეციალურ საიტზე, ადმინისტრაციაში. გაცვლით პროგრამაზე მყოფ ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია დაამყაროს მომავალი სამეცნიერო კონტაქტები ევროპელ თანატოლებთან,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა გერგედავას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაფინანსებული პროექტების, ასევე სტიპენდიების რაოდენობით რეგიონში ლიდერია. „ერასმუს+ შესანიშნავი შესაძლებლობაა, როგორც  სტუდენტებისთვის, ასევე უნივერსიტეტის პერსონალისთვის, ვგულისხმობ, როგორც აკადემიურ, ასევე ადმინისტრაციულ პერსონალს, რათა გაეცნონ ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტების, როგორც სწავლის, სწავლების, ისე კვლევის გამოცდილებას. ამას სრულად აფინანსებს ევროკავშირი,“ - აღნიშნა თეა გერგედავამ.

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ლუკა სეფაშვილი გასულ სემესტრში გაცვლითი პროგრამით გერმანიაში იმყოფებოდა, ამ სემესტრში კი ერასმუს+-ის პროგრამის ფარგლებში პოლონეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას. მისი თქმით, სტუდენტებისთვის ევროპული გამოცდილების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. „ერასმუს+-ის სტიპენდია სტუდენტებს ეხმარება საკუთარი თავის მეტად განვითარებასა და სამომავლოდ გეგმების საკუთარ ქვეყანაში განხორციელებაში. ეს სტიპენდია, განსაკუთრებით, ბაკალავრიატის საფეხურზე, ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა თსუ სტუდენტმა.

ერასმუს+ პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება. ამ ხნის განმავლობაში თსუ-ს 171 პროექტი დაფინანსდა, რომელშიც 1200-მდე სტუდენტმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა მიიღო მონაწილეობა.

Print

« იხ. ყველა სიახლე