ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის“ (EPLO) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა დაფუძნდება. შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი, „ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის“ სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, განათლების სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გზით ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო და კვლევით აქტივობებსა და პროექტების განხორციელებას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა
თეა წულუკიანმა
; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა
მიხეილ ჩხენკელმა
; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ
და „ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის“ დირექტორმა, დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა
სპირიდონ ფლოგაიტისმა
(ელექტრონულად).
თსუ რექტორის
გიორგი შარვაშიძის თქმით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია სტუდენტების ჩართულობა - ამ პროცესმა თითოეულ სტუდენტს უნდა დაანახოს საკუთარი პოტენციალი. ამის შესაძლებლობას სწორედ სტუდენტებსა და უმაღლესი დაწესებულების პერსონალს შორის არსებული ძლიერი თანამშრომლობა იძლევა.
"მე ბედნიერი ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ვმუშაობ ამ პროცესის განვითარებაში. ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი თანამშრომლობის პირობებში გავუზიარებთ ჩვენს ცოდნას და გამოცდილებას ერთმანეთს" - აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
„EPLO“-ს რეგიონულ ფილიალს საქართველოში ექნება წვდომა „EPLO“-ს ყველა სამეცნიერო პუბლიკაციასა და საგანმანათლებლო რესურსზე, რითაც ის რეგიონში ყველა სტუდენტს, პროფესორსა თუ ფართო საზოგადოებას ამ რესურსით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს. „EPLO“-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფილიალი თანამედროვე სამეცნიერო დისკუსიების მეშვეობითა და საუკეთესო ინტელექტუალური რესურსების გაერთიანებით ხელს შეუწყობს აღნიშნულ საკითხებზე ცოდნის გაღრმავებას და ამ პროცესში ევროპული სამართლისა და ევროპული მართვის საუკეთესო გამოცდილებების გაზიარებას.
როგორც იუსტიციის მინისტრმა
თეა წულუკიანმა აღნიშნა, ორი სამინისტრო იქნება არა მარტო დამფუძნებელი, არამედ პირველ ეტაპზე დამფინანსებელი ამ ფილიალისა, იმისათვის, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა და მეცნიერებმა ისარგებლონ ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის ინტელექტუალური, სამეცნიერო რესურსით.
"ჩვენ შევძლებთ, რომ ევროპული და ევროკავშირის სამართლის არა მხოლოდ პოპულარიზაცია, არამედ სწავლებაც უზრუნველყოთ საქართველოში სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე",- განაცხადა თეა წულუკიანმა.
"დღეს ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფუძნდება ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაცია, სადაც განხორციელდება საერთაშორისო აკადემიური პროგრამები და უაღრესად მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევითი პროცესი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე"- განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა
მიხეილ ჩხენკელმა.
„EPLO“-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული წარმომადგენლობა, ასევე, უზრუნველყოფს ამ სფეროში საგანმანათლებლო, კვლევითი სამუშაოებისა და საერთაშორისო ტრენინგების ჩატარებას. გარდა ზოგადსაგანმანათლებლო, კვლევითი, სასწავლო და საერთაშორისო თანამშრომლობის ღონისძიებებისა, „EPLO“ თბილისში დააფუძნებს ევროპული სამართლისა და მმართველობის სკოლას (ELGS), უხელმძღვანელებს და განახორციელებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე „EPLO“-ს სასწავლო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ანალიტიკურ პროექტებს.