ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-28

ალბომის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურის ქრონიკები“ პრეზენტაცია და საზეიმო მიღება

ალბომის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურის ქრონიკები“ პრეზენტაცია და საზეიმო მიღება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება და ქართულ-ინგლისური ალბომის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურის ქრონიკები“ პრეზენტაცია  გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, საფრანაგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პასკალ მენიე, საფრანგეთში ქართული სათვისტომოს პრეზიდენტი ოთარ ზურაბიშვილი, სათვისტომოს დელეგაცია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „საქართველოს ესტუმრა მეორე და მესამე თაობის ემიგრაცია, რომელიც ჩამოვიდა საფრანგეთიდან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამშობლოში დაბრუნებულ ემიგრანტთა შთამომავლებს მასპინძლობს. ემიგრანტთა შთამომავლები დაესწრნენ ალბომის „ნოე ჟორდანია 150“ პრეზენტაციას. კიდევ 3 წიგნის გამოცემა იგეგმება. ძალიან ინტენსიური მთარგმნელობითი და საგამომცემლო საქმიანობა გასწია ჩვენმა უნივერსიტეტმა, ჩვენმა ბიბლიოთეკამ, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ინსტიტუტმა, ახალგაზრდა მეცნიერებმა.“

ალბომი მოიცავს 1918 წლის 26 მაისიდან  1921 წლის 18 მარტამდე - საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე პერიოდს. მასალები 1918-1921 წწ. არსებული პერიოდულ გამოცემებიდანაა მოძიებული. ალბომში წარმოდგენილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურული ცხოვრების  ისტორია, მოვლენები და ფაქტები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, ამ მოვლენების ამსახველი ფოტოები.

„ბედნიერი ვარ, როცა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ეპოქით დაინტერესებულ ამდენ ახალგაზრდას ვხედავ. ამ დღეებში, ერთ ახალგაზრდა გოგოს ვკითხე - რატომ იყო შეყვარებული იმ ეპოქაზე. ასე მიპასუხა: ეს ეპოქა წარმოადგენს თავისუფლებას. ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური თავისუფლება, ეს იყო მენტალური, სულიერი თავისუფლება. საბჭოთა კავშირმა დათრგუნა ეს თავისუფლება. ამისგან გათავისუფლებას დრო სჭირდება. სწორედ,  დღევანდელი ახალგაზრდები ატარებენ საკუთარ თავში ქართულ თავისუფლებას,“- აღნიშნა ნოე ჟორდანიას შვილმა რეჯებ ჟორდანიამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის თქმით, „ღონისძიება იმართება იმ ციკლის ფარგლებში, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს ეძღვნება. სიმბოლურია, რომ წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუსრულდა 100 წელი და ეს თარიღები ერთმანეთს ემთხვევა. მნიშვნელოვანია, რომ  ქართველი ემიგრანტების შთამომავლები არ წყვეტენ კონტაქტს თავიანთ სამშობლოსთან, საქართველოც ინარჩუნებს ძალიან მჭიდრო კავშირს თავის ისტორიულ დიასპორასთან, რომელსაც, დიდი წვლილი მიუძღვის იმ მნიშვნელოვანი ფუნდამენტის ჩამოყალიბებაში, რასაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება ჰქვია.“

ალბომში გამოყენებული მასალები დაცულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუზეუმსა და შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მუზეუმში. „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურის ქრონიკები“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.

,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურის ქრონიკები“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოველი დღის კულტურული მოვლენების ანონსისგან შემდგარი ალბომია, რომელსაც თან ახლავს ვიზუალური მასალა, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს დემოკრატიული პრესიდან. საბჭოთა პერიოდში  უამრავი ადამიანის არქივი განადგურდა, და ამიტომ ჩვენ ძირითად წყაროებად მხოლოდ ეს ჟურნალ-გაზეთები გამოვიყენეთ.  იმედია, ამ წიგნის საშუალებით ბევრი ადამიანი გაიგებს თუ რა ხდებოდა 1028 დღის განმავლობაში,“- აღნიშნა წიგნის ავტორმა, თსუ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა სალომე ჭანტურიძემ.

საზეიმო მიღებაზე თბილისის უნივერსიტეტის პირველი სტუდენტის მედეა ღამბაშიძის შვილმა ნათელა ნიკოლაძემ, უნივერიტეტს საჩუქრად დედის პასპორტი, დღიურები და პირადი არქივი გადასცა.

ღონისძიებას ნოე ჟორდანაის შვილი რეჯებ ჟორდანია, შვილიშვილები ქრისტინე ფაღავა-ბულეზი, ირენ ციციშვილი და ეკატერინე ციციშვილი-მარშიე, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, უნივერისტეტის პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.

ქართული სათვისტომოს წინაშე წარსდგნენ გოგონათა ანსამბლი „თსუ გორდელა“ და ვაჟთა ანსამბლი „უნივერსიტეტი“.






Print

« იხ. ყველა სიახლე