2020 წელს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ახალი საკონკურსო განაცხადისთვის „ხარისხის უზრუნველყოფა და საუნივერსიტეტო მმართველობა“ თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა წარადგინა ორი პროექტი - „ხარისხის შიდა უზრუნველყოფა“ და „საგანმანათლებლო პროგრამების კოლეგიალური შეფასება“. ორივე პროექტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა 5 ქვეყნის 7 უნივერსიტეტის პროექტებთან ერთად გამარჯვებულთა შორის დასახელდა.
აღნიშნული პროექტების ფარგლებში გათვალისწინებულია უცხოელი ექსპერტების მიერ ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების სხვადასხვა საფეხურის ხუთი საგანმანათლებლო პროგრამების გარე შეფასება. გათვალისწინებულია ასევე, სამი ტრენინგის ორგანიზება თსუ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ხარისხის უზრუნველყოფისა და ხარისხის კულტურის ამაღლების საკითხებზე. აღნიშნული აქტივობები მიმდინარე წლის ბოლომდე განხორციელდება.
ბოლო წლების განმავლობაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმატებულად თანამშრომლობს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან (AUF). 2019 წელს, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივითა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეფასდა სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები და სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა. შეფასების შედეგად მიღებული დასკვნები ფაკულტეტებმა გამოიყენეს სადოქტორო და საბაკალავრო პროგრამების დასახვეწად. ასევე, თსუ აკადემიური პერსონალისთვის გაიმართა ტრენინგი სადოქტორო პროგრამების განვითარების საკითხებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ
ბმული.