საქართველოში COVID 19-ით გამოწვეული მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით,
1 მაისიდან 1 სექტემბრამდე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის საფასურის გადახდა არ მოუწევთ: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტებს (70 ათასამდე სარეიტინგო ქულით), ასევე სტუდენტებს, რომლებმაც დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე დაკარგეს სამსახური ან იმყოფებიან უხელფასო შვებულებაში. სტუდენტური საერთო საცხოვრებლის საფასური გაუნახევრდებათ: ერთი ოჯახიდან ორ ან მეტ სტუდენტს ან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტებს (70 ათასზე მეტი სარეიტინგო ქულით), ხოლო საერთო საცხოვრებელში მაცხოვრებელი ყველა სხვა სტუდენტი 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური საშეღავათო პაკეტის შექმნა მიზნად ისახავს სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სტუდენტების დასახმარებლად რესურსების მობილიზებას, საკუთარი სტუდენტების საჭიროებების უზრუნველყოფასა და მათთვის სწავლის ხელშეწყობას.