ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-11-02

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში თსუ რეგიონის ლიდერია

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში  თსუ რეგიონის ლიდერია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი U.S.News&World Report-ის 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში კვლავ ერთადერთი უნივერსიტეტია რეგიონიდან, რომელიც 500 საუკეთესოთა შორისაა და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის.  2019 წლის რანჟირებისთვის განხორციელებულ კვლევებში მსოფლიოს 75 ქვეყნის 1250 საუკეთესო უნივერსიტეტი მოხვდა. U.S.News&World Report-ის მონაცემებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში  435-ე ადგილს იკავებს. დარგობრივი რანჟირებით კი თსუ-მ ფიზიკის მიმართულებით 278-ე ადგილი დაიკავა.

U.S.News&World Report უკვე 30 წელია რაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებას აქვეყნებს. U.S.News&World Report რეიტინგების შედგენისას 13 ინდიკატორს იყენებს, რაც უნივერსიტეტების აკადემიურ, კვლევით საქმიანობას და გლობალურ და რეგიონულ რეპუტაციას ეყრდნობა. კვლევის ავტორები ასევე ითვალისწინებენ  უნივერსიტეტის აკადემიურ საქმიანობას პუბლიკაციების, სამეცნიერო წიგნების გამოცემის, კონფერენციების ორგანიზების კუთხით, ციტირების ინდექსს, საერთაშორისო თანამშრომლობას, ყველაზე ციტირებად პუბლიკაციებში უნივერსიტეტის წილს. კვლევისას ასევე გამოყენებულია აკადემიური წრეების წარმომადგენელთა და მკვლევართა მოსაზრება მათთვის ნაცნობი მსოფლიოს უნივერსიტეტების აკადემიურ საქმიანობასა და საგანმანათლებლო პროგრამებზე.

2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში  ყველაზე მეტი ინსტიტუციით აშშ ლიდერობს - 227 უნივერსიტეტით, რომელთა შორის პირველ პოზიციაზეა ჰარვარდის უნივერსიტეტი. ლიდერ ქვეყნებს შორისაა ჩინეთი 130 უნივერსიტეტით, დიდი ბრიტანეთი - 78, იაპონია - 67 და გერმანია 62 უნივერსიტეტით. მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში საქართველოდან და რეგიონიდან მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოხვდა.

U.S.News&World Report მიიჩნევს, რომ გლობალური რანჟირება საუკეთესო მაჩვენებელია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებში სწავლით არიან დაინტერესებულნი და მეტ ყურადღებას აქცევენ უნივერსიტეტების აკადემიურ საქმიანობას და მსოფლიო რეპუტაციას.  (https://www.usnews.com/education/best-global-universities/ivane-javakhishvili-tbilisi-state-university-528844)

Print

« იხ. ყველა სიახლე