ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-03-05

სახელმწიფო ენის პროგრამის პროექტის განხილვა თსუ-ში

სახელმწიფო ენის პროგრამის პროექტის განხილვა თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო ენის პროგრამის პროექტის განხილვა დაიწყო. სახელმწიფო ენის პროექტი ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას, ნორმალიზაციასა და სტანდარტიზაციას, ასევე ქართულ ენასთან ერთად აფხაზური ენის, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ენების დაცვას გულისხმობს. პროექტის განხილვას, რომელიც სახელმწიფო ენის დეპარტამენტში შემუშავდა, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, დეპარტამენტის წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი ალიბეგაშვილის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ენის განმტკიცებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. „ეს პროექტი იქნება სახელმწიფო ენის, ქართული ენის, კონსტიტუციური წესრიგის დოკუმენტი. დოკუმენტში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ყველა ის მოთხოვნა, რომელიც სახელმწიფო ენის გაძლიერებას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

თსუ პროფესორის, ენათმეცნიერ თინათინ ბოლქვაძის თქმით, საქართველო ყოველთვის მრავალენოვანი ქვეყანა იყო და აღნიშნული პროექტი მის ისტორიულ და დევანდელ მრავალენოვნებას ასახავს. „სახელმწიფო ენის ახალი ნორმები 1970 წლის შემდეგ არ გამოცემულა. დიდი ხანია ქართული მეტყველება იმ ნორმებისგან განსხვავდება, რომლითაც ქართველები თუნდაც 30 წლის წინ მეტყველებდნენ. ეს პროექტი ქართული ენის შენარჩუნებას, კვლევას, საქართველოში გავრცელებული ენების ხელშეწყობას ითვალისწინებს. თუ ეს პროექტი განხორციელდება, მაშინ ქართული ენა და ყველა ენა, რომელიც საქართველოშია გავრცელებული, დაცული იქნება,“ - აღნიშნა პროფესორმა.

სახელმწიფო ენის პროგრამამ ქართული ენის სრულფასოვანი ფუნქციონირება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში უნდა უზრუნველყოს; გაზარდოს მისი, როგორც საქართველოს მოსახლეობის გამაერთიანებლის როლი, უზრუნველყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქართულის, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართულთან ერთად აფხაზურის დაცვა, განვითარება, ტექნოლოგიური მხარდაჭერა და ფუნდამენტური კვლევა. ამასთან, უნდა შექმნას ყველა პირობა ქართველური ენობრივი მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად და ხელი შეუწყოს საქართველოს ენობრივ უმცირესობებს საკუთარი ენის შესწავლასა და განვითარებაში.

Print

« იხ. ყველა სიახლე