ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-08-16

თსუ მეცნიერი ანტარქტიდის კვლევით ცენტრში

თსუ მეცნიერი ანტარქტიდის კვლევით ცენტრში
ახალგაზრდა მეცნიერმა, თსუ გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელმა, გეოგრაფიის დოქტორმა, ლევან ტიელიძემ ანტარქტიკის კვლევითი ცენტრის და ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტის (ახალი ზელანდია) სადოქტორო პროგრამაზე სწავლის სრული 100% - იანი დაფინანსება მოიპოვა. 
ლევან ტიელიძე პირველი ქართველი დოქტორანტია, რომელიც ახალ ზელანდიაში, ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტში ისწავლის. დაფინანსება მოიცავს   ყოველთვიურ სტიპენდიას, სწავლის საფასურს, საველე კვლევებს,  სამეცნიერო ვიზიტებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში და სხვა აქტივობებს. 
ლევან ტიელიძეს გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა გეომორფოლოგია-გლაციოლოგიის მიმართულებით. მეორე სადოქტორო დისერტაციას ანტარქტიკის კვლევით ცენტრის პროგრამის დასრულების შემდეგ ახალ ზელანდიაში დაიცავს. დისერტაცია კოსმოგენური ნაფენებით ძველი გამყინვარების კვლევას ეხება. 
"არ შეიძლება ეს შესანიშნავი გარემო არ მოგწონდეს. აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის რომ ნებისმიერი დაინტერესებული ახალგაზრდა კარგ მეცნიერად ჩამოყალიბდეს. ჩემთვის ყველაზე მეტად სასიხარულო ის გარემოებაა, რომ აქაური დაფინანსებით მნიშვნელოვანი კვლევის ჩატარებას საქართველოშიც შევძლებ, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე გლაციოლოგიურ (მყინვარების) კვლევებს კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო ხასიათს შესძენს მსოფლიო მასშტაბით. 
უკვე დავიწყე მეორე სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობა,  თემა საკმაოდ კომპლექსური და საინტერესოა, და გულისხმობს მეოთხეული პერიოდის (გეოლოგიური დრო) კლიმატის და გამყინვარების პარამეტრების აღდგენას დედამიწის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროებში. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე კლიმატის ცვლილების ფონზე ძველი გამყინავრების კვლევას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან პალეო-კლიმატი და ძველი გამყინვარების ნაშთები შეიძლება წარმოადგენდეს ერთგვარ გასაღებს დედამიწაზე მომავალი კლიმატის ცვლილების დადგენის საქმეში. ანტარქტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა წარმატება შემდეგი სიტყვებით მომილოცა: „ეს იყო ყველაზე მაღალიკონკურსი, რომელიც უნივერსიტეტს ოდესმე ქონია, ამიტომ კიდევ უფრო შთამბეჭდავია ის, რომ თქვენ წარმატებას მიაღწიეთ“ - იხსენებს  ლევანი. მისი სამომავლო გეგმები საქართველოში ამ მიმართულებით სრულფასოვანი კომპლექსური კვლევების ჩატარებას უკავშირდება. ახალგაზრდა მეცნიერი გლაციოლოგიურ (მყინვარების) კვლევებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც განახორციელებს.
ლევან ტიელიძის სამეცნიერო ინტერესთა სფეროებია: გლაციოლოგია, გეომორფოლოგია, დისტანციური ზონდირება, გეო საინფორმაციო სისტემები. არის მსოფლიო მყინვარების მონიტორინგის ცენტრის (შვეიცარია) ოფიციალური კორესპონდენტი საქართველოში, საერთაშორისო გლაციოლოგიური საზოგადოების წევრი (გაერთიანებული სამეფო), საერთაშორისო კრიოსფერული ასოციაციის წევრი, მუდმივი მზრალობის საერთაშორისო ასოციაციის წევრი, ევროპის გეომეცნიერებათა კავშირის წევრი, ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების წევრი, საერთაშორისო სამთო კარტოგრაფიული კომისიის წევრი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს წევრი. 60-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რომლებიც საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებშია გამოქვეყნებული.
ლევან ტიელიძე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერად დასახელდა.
Print

« იხ. ყველა სიახლე