ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან ერთად COVID-19 პანდემიის შედეგად გამოწვეული შრომითი დავების მედიაციის გზით მოგვარების სამთვიან პროექტს იწყებს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ და ასოციაციის თავმჯდომარემ
ირაკლი ყანდაშვილმა მოაწერეს.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზების ძიება და ამ მიმართულების აკადემიურ წრეებში განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ მედიაციის მიმართულებით მძლავრი ინსტიტუცია ჩამოყალიბდეს. საქართველოს ამის კარგი გამოცდილება აქვს და მნიშვნელოვანია, ეს ისტორია გაგრძელდეს. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან მრავალწლიანი და ნაყოფიერი იქნება,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.
საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა აღნიშნა, რომ მედიაციის მიმართულების განვითარებისთვის განათლების სისტემის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის გადაწყვეტის აღნიშნული მექანიზმის დანერგვისა და განვითარების ფლაგმანი იქნება. უნივერსიტეტი ჯერ კიდევ 2011-2012 წლებიდან თანამშრომლობდა მედიაციის ინსტიტუციასთან და ვთვლი, რომ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა ძალიან ეფექტური იქნება,“ - განაცხადა ირაკლი ყანდიაშვილმა.
მემორანდუმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს მედიატორთა ასოციაცია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით პანდემიის შედეგად დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გამოწვეული დავის მშვიდობიანად, დროულად და ნაკლები დანახარჯით მოგვარებას შეუწყობენ ხელს. გარდა ამისა, მხარეები ერთობლივ კვლევით და საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ, სადაც აკადემიური წრეების წარმომადგენლები და პრაქტიკოსი მედიატორები იქნებიან ჩართული და თეორიისა და პრაქტიკის გზით მედიაციის ინსტიტუციონალიზაციას დაუჭერენ მხარს. ამასთან ერთად თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი და მედიატორთა ასოციაცია თანამშრომლობის ერთობლივ პლატფორმას შექმნიან, რომელიც სახელმწიფოში კვლევის, განათლებისა და მომსახურების მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 2011 წელს „სამხრეთ სამართლის სკოლის“ (აშშ) და კორპორაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის“ პროგრამის „მართლმსაჯულების, დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში“ საერთო ინიციატივით დაფუძნდა.