ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-07-12

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნგრული ენისა და კულტურის შემსწავლელი ცენტრი გაიხსნება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნგრული ენისა და კულტურის შემსწავლელი ცენტრი გაიხსნება
ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპული გზა” ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ მოაწერეს.

გიორგი შარვაშიძის განმარტებით, ორ ქვეყანას შორის უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის მრავალი კარგი მაგალითი უკვე არსებობს, ამასთან, დიდი პოტენციალიცაა. „იმედია ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდება უნგრული ენისა და კულტურის შემსწავლელი ცენტრით. ყოველწლიურად დაახლოებით 100 ახალგაზრდა საქართველოდან სრულად ფინანსდება უნგრეთის სახელმწიფოს მიერ. უნგრეთში ყველაზე ძველ და სახელოვან ELTE-ს უნივერსიტეტთან კი ჩვენს უნივერსიტეტს ძალიან კარგი პარტნიორული ურთიერთობა აქვს. ვვარაუდობთ, რომ სწორედ წელს გავხსნით ქართველოლოგიის ცენტრს ELTE-ში“ - აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, განათლებისა და კულტურის სფეროში ურთიერთობის გაღრმავება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მთავარი წინაპირობაა. „ჩვენ დავაფინანსებთ უნგრული ენის სპეციალისტს, რომელიც იმუშავებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლად დაფუძნებულ ცენტრში და ასევე, მზად ვართ ყოველწლიურად გავაგრძელოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის სტიპენდიების გაცემა, რომლის საშუალებითაც ისინი უნგრეთის სხვადახვა უნივერსიტეტში გააგრძელებენ სწავლას“ - განმარტა პიტერ სიიარტომ.

Print

« იხ. ყველა სიახლე