ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-07-17

თსუ იტალიასთან თანამშრომლობას აფართოებს

თსუ იტალიასთან თანამშრომლობას აფართოებს
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა ეწვია. უნივერსიტეტში პრეზიდენტმა გამოფენა „საქართველო-იტალია: მეგობრობის ისტორია“ დაათვალიერა და სხვადასხვა სფეროში საქართველო-იტალიის ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრა. შეხვედრას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, საქართველოს და იტალიის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ საშუალება მომეცა, გაგიზიაროთ რამდენიმე მოსაზრება ჩვენი საერთო ევროპული განწყობის პერსპექტივაში დანახული  მეგობრობის წარსულზე და, განსაკუთრებით, მომავალზე. ჩემთვის დიდი პატივია ამის გაკეთება კავკასიაში ყველაზე ძველ უნივერსიტეტში, მისი დაარსების მეასე წლისთავზე. ეს არის მოვლენა, რომელიც ემთხვევა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მეასე წლისთავს. გილოცავთ საუკეთესო სურვილებით ამ  უმნიშვნელოვანეს ორმაგ იუბილეს,“-განაცხადა იტალიის პრეზიდენტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე. მან ისაუბრა ქართულ-იტალიური მეგობრობის და თანამშრომლობის ისტორიაზე, რომელიც საუკუნეების წინ დაიწყო და დღესაც მრავალმხრივ ვითარდება. პრეზიდენტის განცხადებით, თანამშრომლობა აქტიურია და კიდევ უფრო გაფართოვდება განათლების და ინოვაციების სფეროში. როგორც მან აღნიშნა, შემოდგომიდან იტალიური მხარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ახალ პროექტებს წარმოადგენს. 
„შემოდგომიდან, ამ უნივერსიტეტის მონაწილეობით, შემოგთავაზებთ ახალ ინიციატივებს უახლეს ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ხელშეწყობას ისახავს მიზნად. სწორედ  2018 წელი არის კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი“,-განაცხადა სერჯიო მატარელამ. 

ახალ პროექტებსა და მომავალ თანამშრომლობაზე გააკეთა აქცენტი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს იტალიის 20-ზე მეტ უნივერსიტეტთან აქვს გაცვლითი პროგრამები, ასევე ერთობლივი, ორმაგი ხარისხის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, და სამომავლოდ, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. „ჩვენ ვაპირებთ გაცვლითი პროგრამების რაოდენობა და ხარისხი გავზარდოთ. დღეს შევთანხმდით, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იტალიის სამეცნიერო საბჭო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ერთობლივად ვიმუშავებთ საქართველოსთვის სპეციალური პროექტის შექმნაზე, რომელიც ინდუსტრიასთან, განვითარებასთან და ზუსტ მეცნიერებებთან კულტურული მემკვიდრეობის კავშირს მიეძღვნება. ეს იქნება ინოვაციური ხედვა და აღქმა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისა, რომელიც ძალიან განვითარებულია იტალიაში და ჩვენთვის ნამდვილად საშურია ის გამოცდილება, რომელიც მათ გააჩნიათ,“ - აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა საქართველო-იტალიის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვდა. 
იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა საქართველოს 16 ივლისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში  გაიმართა შეხვედრა   საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, ქ. თბილისის მერთან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. 
 



Print

« იხ. ყველა სიახლე