ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-12-06

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია თსუ-ში

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია თსუ-ში
რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მეორე სხდომა გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელსაც კონფერენციის როგორც წევრი, ასევე არაწევრი კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაში თსუ რექტორი, კონფერენციის თავმჯდომარე გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ზვიად გაბისონია, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი დიმიტრი ბერაძე, განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე, შეფასებისა და გამოცდების  ეროვნული ცენტრისა  და საქართველოს უმაღლესი საგანამათლებლო დაწესებულებების რექტორები მონაწილეობდნენ. 
კონფერენციაზე მინისტრების მოადგილეებმა წარმოადგინეს თემატური  პრეზენტაციები. ღონისძიებაზე, ასევე, იმსჯელეს 2020/2021 მისაღები გამოცდების და საგამოცდო დისციპლინების განსაზღვრაზე.  
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, „კონფერენციამ მიიღო გადაწყვეტილება ხარისხის თემატური ჯგუფის დაფუძნების შესახებ, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია პლატფორმის შექმნა ხარისხის უზრუნველყოფის თემების განსახილველად.“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის თქმით, „რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის  დღის წესრიგში წარმოდგენილი იყო 2020 წლის მისაღები გამოცდების სამუშაო მოდელი. შეხვედრა გაიმართა სამუშაო რეჟიმში და ყურადღება გამახვილდა საბუნებისმეტყველო დარგებზე.“ 
რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია 2019 წლის ივლისში დაფუძნდა. კონფერენცია იზიარებს ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის „Magna Charta Universitatum” ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა, უნივერსიტეტების ავტონომიურობა, ევროპული და ეროვნული ჰუმანისტური ტრადიციების გაზიარება, სწავლების და კვლევის ინტეგრაცია და სხვა. 
რექტორთა მსგავსი გაერთიანება მრავალ ევროპულ ქვეყანაში არსებობს.
Print

« იხ. ყველა სიახლე