ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-02-10

აფხაზური ბიბლიოთეკის პრეზენტაცია

აფხაზური ბიბლიოთეკის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრში აფხაზური ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა. ბიბლიოთეკა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. 
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, ცენტრი დიდი ხანია ახორციელებს სამეცნიერო საქმიანობას და ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ დიდი და საინტერესო კოლექცია მოაგროვა. „მნიშვნელოვანია, რომ კულტურული, ადამიანური ურთიერთობები, სახალხო დიპლომატია მუშაობდეს, საკითხი უნდა იხილებოდეს სამეცნიერო კუთხითაც. ეს არის აუცილებელი ფორმატი იმისათვის, რომ ჩვენ გადავიდეთ ურთიერთობების ახალ ეტაპზე. ჩვენს უნივერსიტეტს აქვს ამის გამოცდილება და გვაქვს ბევრი ახალი იდეა“,- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
„ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის უდიდესი ნაწილი აფხაზეთიდანაა ჩამოტანილი. მათ შორის არის უნიკალური, მცირე ტირაჟით გამოცემული წიგნები. ჩვენ ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს აფხაზურ მხარესთან. იმედი გვაქვს, რომ არა მხოლოდ საუნივერსიტეტო საზოგადოება დაინტერესდება ბიბლიოთეკით,“- განაცხადა თსუ  ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრის ხელმძღვანელმა ზურაბ შენგელიამ
სოხუმის უნივერსიტეტის რექტორის ჯონი აფაქიძის განცხადებით, „ბიბლიოთეკის შექმნა ძალიან კარგი იდეაა და მას შეაქვს პოზიტივი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში.“
ბიბლიოთეკის შექმნაში მონაწილეობდნენ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული აკადემიის აფხაზური ენისა და ლიტერატურის კომისია. ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული აფხაზური მხარეც. 
ნებისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა გაეცნოს აფხაზეთში გამოცემულ ლიტერატურას, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ დოკუმენტებს, მხატვრულ ლიტერატურას ქართულ და აფხაზურ ენებზე, პუბლიცისტიკას,  აფხაზურ პრესას. ბიბლიოთეკაში ინახება ბევრი უნიკალური მასალა, რომელიც საინტერესო იქნება აფხაზეთში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებული  პირებისათვის.



Print

« იხ. ყველა სიახლე