ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-11-20

საქართველოს ფინანსთა მინისტრი თსუ სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი თსუ სტუდენტებს შეხვდა
რა ხდება გლობალურად ეკონომიკაში, როგორ იცვლება ბიზნესმოდელები ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, რა გამოწვევების წინაშე დგას სახელმწიფოები და მათ შორის, საქართველო ამ მიმართულებით, - ამ და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა დღეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ასევე, საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის სტუდენტებთან შეხვედრისას.

მინისტრმა ასევე, ყურადღება გაამახვილა ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარების მიზნით მთავრობის მიერ გაცხადებულ ახალ ინიციატივაზე. როგორც მან აღნიშნა, ჭარბვალიანობა დღეს ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია ეკონომიკის განვითარებისთვის. მან კიდევ ერთხელ, განმარტა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზები და აღნიშნა, რომ ეს არის დიდი ხნის დაგროვილი პრობლემა, რომლის შედეგადაც, ქვეყნის აქტიური მოსახლეობის თითქმის მესამედი აღმოჩნდა ე.წ. „შავ სიაში“. " ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე გათავისუფლდეს სესხის ტვირთისგან და დაუბრუნდეს ნორმალურ, ჯანსაღ ეკონომიკურ-სოციალურ ცხოვრებას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

კითხვაზე არსებობს თუ არა რისკი, რომ მოსახლეობის ნაწილმა კვლავ დააგროვოს დავალიანება, ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პირობებში, ამ მასშტაბით პრობლემა აღარ დადგება.   

„პუსუხისმგებლიანი დაკრედიტების პირობებში, აღარ მოხდება ასეთი ტიპის სესხების გაცემა და ამ რაოდენობით ვალების დაგროვება იმიტომ, რომ უამრავი ბარიერი, პირობა და შეზღუდვა დაიდო. ვფიქრობ, ეს არის ერთჯერადი პოლიტიკური ნაბიჯი და წლების განმავლობაში დაგროვილი მძიმე სოციალური მდგომარეობის გასწორების შესაძლებლობა. დღეს, როდესაც ბევრს ვსაუბრობთ ადამიანური კაპიტალის განვითარების შესახებ და ვამბობთ, რომ ადამიანი უმთავრესი კაპიტალია, ბუნებრივია, ამ კაპიტალის აქტივიზაცია, მისი მობილურობის გაზრდა, ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, სწორედ მათ აქტივობაში დევს ეკონომიკური ზრდის პოტენციალი. შესაბამისად, ამ შრომისუნარიანი მოსახლეობის დაბრუნებას ქვეყნის ეკონომიკაში, ექნება მნიშვნელოვანი ეფექტი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

სტუდენტებთან გამართული შეხვედრის შეფასებისას, თსუ-ის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ ხაზი გაუსვა ამგვარი ფორმატის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს კარგი შესაძლებლობაა ახალგაზრდებმა უშუალოდ მთავრობის წევრებისგან მოისმინონ ინფორმაცია მათთვის აქტუალურ და საინტერესო თემებზე. 

„მინისტრთან შეხვედრაზე ძალიან ბევრი შეკითხვა დაისვა, გაიმართა ცოცხალი დისკუსია. მნიშვნელოვანია, როდესაც პირველი პირები სახელმწიფოში მტკივნეულ საკითხებზე საუბრობენ სტუდენტებთან. გაიმართა ძალიან გულღია და კარგი დიალოგი. ეს ის ფორმატია, რომელიც, ალბათ, მისაბაძია ბევრისთვის. თუ ჩვენი მთავრობის პრინციპი არის ღიაობა, ეს არის უპირველესად ღიაობა სტუდენტობასთან, ჩვენს მომავალთან,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

„მნიშვნელოვანია მთავრობის კონტაქტი აუდიტორიასთან და განსაკუთრებით სტუდენტებთან, საჭიროა, მთავრობამ კითხვებს უპასუხოს, რომელიც გვიგროვდება ჩვენ სხვადასხვა პროცესთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ფინანსთა მინისტრმა ამომწურავად უპასუხა ჩვენს კითხვებს, კარგად გვაჩვენა ის პოზიტიური ნაწილი, რომელსაც მოიაზრებს ეს ინიციატივა, თუმცა, ხაზი გაუსვა ასევე უარყოფით მხარესაც“, - აღნიშნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტმა გიორგი მიქელაძემ

„მთავრობის წარმომადგენლების პასუხები საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე ყოველთვის საინტერესოა და კიდევ უფრო საინტერესოა, როდესაც გარკვეული სპეციფიკური პროფილის სტუდენტებს ხვდებიან შესაბამისი მინისტრები. ვთვლი, რომ ძალიან ნაყოფიერი შეიძლება გამოდგეს ეს შეხვედრა მათთვის.  ჩვენთვის კი იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ახსნა-განმარტება, იმ კითხვებზე პასუხები, რომელიც დაგვიგროვდა  დროთა განმავლობაში,“-განაცხადა თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სტუდენტმა ანა მჟავანაძემ და დასძინა, რომ მსგავსი შინაარსის შეხვედრები სხვადასხვა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
 

Print

« იხ. ყველა სიახლე