„ეს არის ოკუპაცია. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული. ეს არის დიდი უსამართლობა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი“ - განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა
ანგელა მერკელმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობისას.
„ტერმინ „ოკუპაციის“ გამოყენება ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი სწორი შეფასება, რომელიც შეიძლება მიეცეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობას. კანცლერმა რუსეთის ქმედება შეაფასა ოკუპაციად და მე კმაყოფილი ვარ. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი დიდი და ძლიერი ქვეყნის ლიდერი, როგორიც არის გერმანია და მისი კანცლერი სწორ და ზუსტ შეფასებას აძლევდეს იმ ყველაფერს, რაც ხდება საქართველოში,“- განაცხადა თსუ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების დოქტორანტმა
კონსტანტინე შუბითიძემ.
შეხვედრაზე თსუ სტუდენტებმა გერმანიის კანცლერს კითხვები დაუსვეს ვიზალიბერალიზაციაზე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე, ევროკავშირის მომავალზე, მეცნიერებისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობაზე, საქართველოსა და კავკასიის რეგიონში დემოკრატიის ხარისხზე და სხვა საკითხებზე.
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას და უკრაინასთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე დიდი პერსპექტივა აქვს.
„ღიად ვაცხადებ, რომ მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ ამბიციებს. ჩვენი ურყევი მიზანია, ახლოს იყოთ ევროპასთან, მაგრამ სწრაფ, ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ. წევრობის კანდიდატი ქვეყანა უნდა ასრულებდეს გარკვეულ წინაპირობებს. თავის მხრივ, ევროკავშირს უნდა შესწევდეს ახალი ქვეყნების მიღების უნარი,“- განაცხადა ანგელა მერკელმა და დასძინა, რომ თავის მხრივ, ევროკავშირსაც სჭირდება რეფორმები.
თსუ სტუდენტებთან შეხვედრაზე გერმანიის კანცლერმა მკაფიო განცხადება გააკეთა რუსულ გაზზე გერმანიის და, საერთოდ, ევროპის დამოკიდებულებაზე, "ჩრდილოეთი ნაკადი-2"-ის პერსპექტივაზე.
„პუტინს აქვს ინტერესი, რომ გაყიდოს გაზი ევროპაში. მაშინ მან კეთილი ინებოს და პოლიტიკის მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს. ჩვენ არ შევასრულებთ მის ყველა სურვილს, ჩვენ მხოლოდ იმას გავაკეთებთ, რაც საერთო ევროპულ ინტერესშია,“- აღნიშნა ანგელა მერკელმა.
„შეხვედრა იყო ძალიან გულწრფელი. კარგია შეხვედრები აკადემიურ სივრცეში რომ იმართება, რადგან აქ გაცილებით უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს პოლიტიკოსები. თუმცა, დაისვა ძალიან მწვავე შეკითხვები და გაკეთდა ძალიან მკაფიო გზავნილები, რომელიც კარგა ხანია არ მოგვისმენია თავისუფალი სამყაროს ლიდერებისგან. მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კედლებში, რომელიც დაფუძნებულია ლიბერალურ ტრადიციებზე და დღესაც აგრძელებს ამ ტრადიციას. სტუდენტების კითხვებსა და კანცლერის პასუხებში ნათლად ჩანდა, რომ ევროგაერთიანება არის ჩვენი მომავალი. ქალბატონმა კანცლერმა შეხვედრის შემდგომ აღნიშნა - იგრძნობა რომ საქართველოში არის ევროპეიზმის ძალიან მაღალი მუხტი და ეს არის ძალიან დასაფასებელი,“- განაცხადა თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრის ბოლოს, საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს უნივერსიტეტის საიუბილეო მედალი გადასცა.