ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-07-31

თსუ ბაკალავრიატის გამოშვება 2019

თსუ ბაკალავრიატის გამოშვება 2019
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს  2019 წელს ბაკალავრიატის 3000-მდე კურსდამთავრებული ჰყავს. 2019 წლის გამოშვების საზეიმო ღონისძიება სპორტის სასახლეში გაიმართა.

კურსდამთავრებულებს სწავლის დამთავრება თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ,  საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, აკადემიური საბჭოს წევრებმა და ფაკულტეტების დეკანებმა  მიულოცეს.

„ძალიან ამაღელვებლი დღეა სტუდენტებისთვის, მშობლებისთვის, ჩვენთვის. მინდა წარმატება ვუსურვო ყოველივე მათგანს. დღეს, ჩვენი კურსდამთავრებულები შეუერთდნენ თსუ კურსდამთავრებულების დიდ არმიას. ეს მართლაც უზარმაზარი რიცხვია - დღეს მათი რაოდენობა 300 ათასს აჭარბებს“,-განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისივე თქმით, ბევრი კურსდამთავრებული დაბრუნდება უნივერსიტეტში, სამაგისტრო თუ სადოქტორო პროგრამებზე და თსუ-ს კარი ყოველთვის ღია იქნება მათთვის. „ჩვენ  ვართ ერთი ოჯახის წევრები, ჩვენ ყველა უნივერსიტეტელები ვართ“,-აღნიშნა მან.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თსუ კურსდამთავრებულმა მარიამ ჯაშმა კურსდამთავრებულებს  პირველი აკადემიური ხარისხის მოპოვება მიულოცა. „განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რომ ხარ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მისასალმებელია, რომ თსუ მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში საუკეთესო უნივერიტეტების 2 % -შია, დარწმუნებული ვარ, გაგრძელდება გზა რეფორმებით და იმ ახალი სტანდარტების დანერგვით, რომელიც ჩვენ ევროპასთან დაგვაახლოებს“. -განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ფაკულტეტების ყველაზე მაღალრეიტინგულ კურსდამთავრებულებს სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები უნივერსიტეტის რექტორმა და დეკანებმა გადასცეს.

„დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობა აქ ყოფნა. ეს 4 წელი ჩემთვის იყო ძალიან დიდი გამოცდილება და თავგადასავალი. დიდი პრაქტიკული თუ თეორიული გამოცდილება მივიღე უნივერსიტეტში, გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი, მყავდა არაჩვეულებრივი ლექტორები, რომელთაც არა მარტო ჩემს პროფესიულ ზრდას შეუწყვეს ხელი, არამედ ჩემს პიროვნულ განვითარებასაც“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას თსუ წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა მარიამ მაჭარაშვილმა.

ბაკალავრების გამოსაშვები დღის დასკვნითი ღონისძიება კუს ტბაზე გაიმართა. საღამოზე კურსდამთავრებულებისთვის და თსუ სტუდენტებისთვის კონცერტი სტეფანემ და Dj-ებმა Giorgio Burduli, Frankie Beatnik, Levi Love Disco გამართეს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წელს დაარსდა. უნივერსიტეტის პირველი გამოშვება სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტმა 1922 წელს აღნიშნა. დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებაა, სადაც ყოველწლიურად 200–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება; 22 ათასამდე სტუდენტი, მათ შორის 600-მდე უცხოელი სწავლობს და რომელიც 2019 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის. (The U.S.News&World Report).

თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 200-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოქმედებს და 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2019-2020 სასწავლო წელს 5300-ზე მეტ პირველკურსელს მიიღებს, მათ შორის 500-ზე მეტი აბიტურიენტი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება.
Print

« იხ. ყველა სიახლე