ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-19

თსუ-ს ღამის ექსპოზიცია

თსუ-ს ღამის ექსპოზიცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდა კამპანიას „ღამე მუზეუმში“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენები წარმოადგინა. ღონისძიებაზე  ფარგლებში გაიმართა ასევე  უნივერსიტეტის კაპელას კონცერტი.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღნიშნავს მუზეუმის საერთაშორისო დღეს და უერთდება კამპანიას ,,ღამე მუზეუმში“. ამ დღესთან დაკავშირებით თსუ-ს რამდენიმე საგამოფენო დარბაზში მუზეუმის და ბიბლიოთეკის ორგანიზებით ექსპოზიციებია წარმდგენილი. გამოფენილია ძველი ხელნაწერები და დოკუმენტური მასალა, მემორიალური ნივთები, კონსტიტუციები რამდენიმე ენაზე, ცნობილი მხატვრების ნამუშევრები და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ისტორიული მასალა“, - განაცხადა თსუ მუზეუმის დირექტორმა მაია გურაბანიძემ.

ექსპოზიციის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა: 1918-1921“ ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ უნიკალური ექსპონატები და დოკუმენტები, რომელიც თსუ მუზეუმისა და ბიბლიოთეკის დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ფონდებში ინახება. ცენტრალურ ფოიეში გამოიფინა 1918-1921 წლებში მიმდინარე განათლების რეფორმის შესახებ დოკუმენტები და ფოტომასალები, დემოკრატიულ რესპუბლიკასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული დამოკიდებულების ამსახველი დოკუმენტები. „აქ წარმოდგენილია თითქმის მთელი არქივისა და ბიბლიოთეკის მასალები, რომლებიც აღწერს თუ როგორ ვითარდებოდა წლების წინ განათლების სისტემა, როგორ ზრუნავდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ეს დოკუმენტები ასახავენ პროგრესს, რასაც მივაღწიეთ 100 წლის წინ“,-აღნიშნა თსუ ბიბლიოთეკის დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ირემაძემ.

მუზეუმის საგამოფენო დარბაზში კი გამოიფინა უნიკალური მასალები და ექსპონატები, რომელიც მხოლოდ თსუ ემიგრაციის მუზეუმშია დაცული: სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშისა და გერბის მაკეტები), სახელმწიფო ბეჭდებისა და ლუქების ნიმუშები, შტანდარტის კლიშე, დემოკრატიული მთავრობისა და უცხოეთის დიპლომატიური კორპუსის მიმოწერები, საქართველოს კონსტიტუცია ფრანგულ და ინგლისურ ენებზე; პირველი დემოკრატიული მთავრობის ეპისტოლური მემკვიდრეობა, ოფიციალური დოკუმენტები; ემიგრაციაში წასული მთავრობის წევრების, საზოგადო მოღვაწეების ფოტო და დოკუმენტური მასალები.

ექსპოზიციაზე „უნივერსიტეტის თეატრი -100“ დამთვალიერებლებს საშუალება მიეცათ ენახათ უნივერსიტეტის თეატრის ასწლოვანი მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, აფიშები, თეატრალური ესკიზები, ჟურნალ-გაზეთები, სიგელები, თეატრალური კოსტიუმები.  გამოფენა ასახავდა 100 წლიან შემოქმედებით ისტორიას  დაწყებული 1918 წლის დასიდან და მუსიკალური წრიდან დღემდე. სხვა ექსპონატებთან ერთად, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კოტე ფოცხვერაშვილის პირადი ნივთები და მასალები საოჯახო არქივიდან. მათ შორის: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნის „დიდებას“ პირველი გამოცემა, 1918 წელს ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით გამართული კონცერტებისა და საღამოების პროგრამები და სხვა.

„მოხარული ვარ, რომ უნივერსიტეტში ხორციელდება პროექტი „ღამე მუზეუმში“, რადგანაც საშუალება გვაქვს ერთდროულად გავეცნოთ საინტერესო ექსპონატებს.  ჩემთვის, როგორც ამ უნივერსიტეტის სტუდენტისთვის ასევე მნიშვნელოვანია გავეცნო ამ ბუმბერაზი უნივერსიტეტის  ასწლიან ისტორიას.“-აღნიშნა სტუდენტმა თამარ ლაშხმა.

ღამის სტუმრებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის ფონდებში დაცული ცნობილი ქართველი მხატვრების ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, ლევან ჭოღოშვილის, დიმიტრი ერისთავის, ირაკლი ფარჯიანის, გოგი ალექსი-მესხიშვილის და სხვათა ნამუშევრებიც დაათვალიერეს.




Print

« იხ. ყველა სიახლე